ზურაბ აზარაშვილი - ბაზები იანვრიდან გამართულია, შეუძლებელია, ერთი სააფთიაქო ქსელი სრულად იყოს ჩართული, სხვები კი მხოლოდ რამდენიმე აფთიაქზე გვიცვლიდნენ ინფორმაციას, ერთს თუ შეეძლო, შეეძლო სხვასაც
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იანვრიდან გამართულად მუშაობს პროგრამა ფარმაცევტული კომპანიებისთვის, რომელთაც ვალდებულება აქვთ, მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით სამინისტროს გაუცვალონ ინფორმაცია და გახსნან ბაზები.
აზარაშვილი გამოეხმაურა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ სექტორისთვის არ იყო შემუშავებული და შეთავაზებული უნივერსალური პროგრამა, მაკონტროლებლის მხრიდან სათანადოდ არაა უზრუნველყოფილი უნივერსალური ტექნიკური ბაზა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, შეუძლებელია, ბაზაში სრულად იყოს ჩართული ერთი სააფთიაქო ქსელი და სხვა ამას ვერ ახერხებდეს.
„ბაზები ჯერ კიდევ იანვრიდან გამართულია. სულ საქართველოში 4-5 ქსელური აფთიაქი გვაქვს და ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი აფთიაქების ქსელი 98%-ით სრულად არის ჩართული აღნიშნული ბაზებით ინფორმაციის გაცვლაში. შეუძლებელია, ერთი ქსელი სრულად იყოს ჩართული – თუ სწორად მახსოვს, 300-ზე მეტი აფთიაქი – ხოლო მეორე, მესამე, მეოთხე ქსელი ასე პრინციპულად ორი და სამი აფთიაქით იყოს წარმოდგენილი და ინფორმაციას გვიცვლიდნენ მხოლოდ რამდენიმე აფთიაქზე.
ერთს თუ შეეძლო, შეეძლო სხვასაც. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ნებისმიერის გვერდით დავდგეთ და ქვეყანაში შევქმნათ სწორი სისტემა, რომელიც ფარმაცევტულ ბიზნესს გახდის გამჭვირვალეს. ეს მიმართულია იქით, რომ მოქალაქეებისთვის მეტად ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი მედიკამენტები, არ იქმნებოდეს ხელოვნური დეფიციტები, არ ხდებოდეს ფასების დარღვევა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.