ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები 2004-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან შეიკრიბნენ
ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები 2004-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან შეიკრიბნენ

2004-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან 17 წლის წინ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. მათ პატივი მიაგეს ზურაბ ვაზაგაშვილისა და მისი მამის, იური ვაზაგაშვილის ხსოვნას.

იური ვაზაგაშვილის დის, მანანა ვაზაგაშვილის განცხადებით, მკვლელობის მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, თუმცა კლინიკაშია და საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

„17 წლის წინ ტელევიზიით შევიტყვეთ ჩემი ძმიშვილის, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საშინელი ამბავი. იმის მერე მიმდინარეობდა ზეწოლა ჩემს ძმაზე, იური ვაზაგაშვილზე. უნდოდათ, გაეჩუმებინათ. მთავარი შემოქმედი ვინც არის, დაჭერილია, მაგრამ კლინიკაშია, დასასვენებელ ადგილზეა. დღეს მიხეილ სააკაშვილის, მკვლელის დედას პრეტენზიები აქვს და ამბობს, საზღვარგარეთ გაუშვით სამკურნალოდო. საზღვარგარეთ კი არა, ერთი თვე მაინც უნდა იყოს თავის აშენებულ ციხეში, ერთი თვე თუ გაძლებს, ისედაც გიჟია და სულ გაგიჟდება“, – განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს ჩამოირეცხავს თავისი მსხვერპლების სისხლს.

„ეს არის კაენის ნიშანი „ნაციონალური მოძრაობის“ შუბლზე, რომელიც არასდროს წაიშლება, არასდროს ჩამოირეცხება. ყველა, ვინც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგას და რამეზე მსჯელობს, ამ კაენის ნიშნით არის დადაღული სამუდამოდ. შემდეგ მიაყოლეს უარესი დანაშაული, როდესაც შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე მისული მამა ააფეთქეს. დღევანდელ დღეს პარლამენტში, პარლამენტს გარეთ, ევროპარლამენტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ყველა, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგას და მათ ეხმარება, არის კაენის ნიშნით დადაღული“, – განაცხადა ხაინდრავამ.