ზურაბ ტომარაძე 2001 წელს საქართველოს ნაკრების ლეგენდად ქცეულ ისტორიას იხსენებს #1TVSPORT
ზურაბ ტომარაძე 2001 წელს საქართველოს ნაკრების ლეგენდად ქცეულ ისტორიას იხსენებს #1TVSPORT

62 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე. იგი ეროვნულ გუნდს ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

1999 წელს შვეიცარიაში ჩატარებული ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. ლევან მოსეშვილის ნაცვლად ზურაბ ტომარაძე დაინიშნა.

მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრობასკეტი 2003-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ლუქსემბურგში გაიარა, შესარჩევი ეფექტურად დაიწყო – თბილისში სძლია ბულგარეთსა და ბელარუსს, ორივე შეხვედრაში დაამარცხა აზერბაიჯანი და…

ჯგუფიდან გასვლა ორი მატჩის შედეგზე იყო დამოკიდებული: ერთმანეთის მიყოლებით ვითამაშეთ ბულგარეთსა და ბელარუსში. მათთან მცირე სხვაობით წაგებებიც საკმარისი აღმოჩნდებოდა ბარიერის გადასალახად. ბულგარეთში 66:85 დავმარცხდით. ქალაქ იამბოლიდან ბელარუსის ქალაქ გომელამდე მგზავრობა კი ლეგენდადაა ცნობილი. ეს ამბავი საქართველოს ნაკრების შესახებ გამოცემულ წიგნში „ევრობასკეტი“ დეტალურად გაიხსენა მწვრთნელმა ზურაბ ტომარაძემ:

„მატჩამდე მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სოფიიდან ჯერ მოსკოვში უნდა ჩავსულიყავით, შემდეგ – გომელში. ბულგარეთის სააგენტოში გვითხრეს, რომ ბელარუსში რუმინეთის გავლით ვიზის გარეშე შევძლებდით გადასვლას. ბულგარეთის ზღვისპირა საზღვარს მივადექით, მაგრამ მტკიცე უარი გვითხრეს – თურმე ქართველებს რუმინეთთან სავიზო რეჟიმი სწორედ წინა დღისით შემოუღიათ. არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჩვენმა ექიმმა, ვალერი მელაძემ უკრაინაში დარეკა – ქართველი გენერალი გაწუხებთ, სასწრაფოდ გემი გვჭირდებაო. უკრაინელებმა ყურადღება გამოიჩინეს და სპეციალურად ჩვენთვის ხომალდი გამოგზავნეს. „კომეტით“ უკრაინის პატარა პორტში ღამის 4 საათზე ჩავედით, საიდანაც ტაქსებით ოდესამდე მივაღწიეთ. კიევამდე მიკროავტობუსები გამოვიყენეთ, უკრაინის დედაქალაქიდან გომელამდე – ავტობუსი. მოკლედ, ცხენის გარდა ტრანსპორტის ყველა სახეობა მოვსინჯეთ. იოლი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში იქნებოდნენ სპორტსმენები… დიდი მონდომების მიუხედავად, ბელარუსთან ძალა აღარ გვეყო და დავმარცხდით“.