ზურაბ ტატანაშვილი - ჩვენი მიზანია, ძალადობა შეწყდეს და ის ჩვეულებრივი ქცევა აღარ იყოს საზოგადოებაში
ზურაბ ტატანაშვილი - ჩვენი მიზანია, ძალადობა შეწყდეს და ის ჩვეულებრივი ქცევა აღარ იყოს საზოგადოებაში

ჩვენი მიზანია, ძალადობა შეწყდეს და ის ჩვეულებრივი ქცევა აღარ იყოს საზოგადოებაში, – ამის შესახებ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ტატანაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„როდესაც კანონის გამკაცრებაზე ვსაუბრობთ, ეს არის მყისიერი შედეგისკენ მიმართული ღონისძიება. როდესაც კანონი მკაცრდება, ამას პირველ რიგში, უნდა მოჰყვეს კანონის სრული აღსრულება და აღსრულების მექანიზმებთან ერთად, უნდა მოჰყვეს დამხმარე სერვისების განვითარება, როგორც მსხვერპლისთვის, ასევე მოძალადისთვის. იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არ არის მოძალადეთა ერთად შეგროვება და სამუდამოდ, სადღაც გარიყვა. მიზანი არის ის, რომ ძალადობა შეწყდეს და ის ჩვეულებრივი ქცევა აღარ იყოს საზოგადოებაში“, – განაცხადა ტატანაშვილმა.

ამ განცხადებით ზურაბ ტატანაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა კანონის გამკაცრება მნიშვნელოვანი ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით.

მისი თქმით, მყისიერი შედეგისთვის კანონის გამკაცრება კარგია, მაგრამ თუ გრძელვადიან შედეგებზე გასვლა გვინდა, აქ უკვე საუბარია ნორმების ცვლილებაზე, საზოგადოების აღქმაზე, პიროვნულ მახასიათებლებზე და ა.შ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად არის კავშირში სოციალური ფონი და ის სისასტიკე, რასაც ქალთა მიმართ ძალიან ხშირად ვაწყდებით, ზურაბ ტატანაშვილმა განაცხადა, რომ ეს ორი რამ ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ არსებულ ვითარებას საზოგადოებაში არსებული ზოგადი აგრესიული ფონიც განსაზღვრავს.

„თუ ზოგადად, აგრესიის ფონს გავითვალისწინებთ, რაც საზოგადოებაში ხდება, აგრესია უკვე ნორმად არის ქცეული. თუნდაც, სოციალურ ქსელებში თუ შევიხედავთ, ვნახავთ, რომ აგრესია უკვე ჩვეულებრივი რაღაც არის. ადამიანები ამის გამო არანაირ დისკომფორტს არ გრძნობენ და ერთმანეთს შეურაცხყოფას ისე აყენებენ, რომ არანაირი შინაგანი განცდა და მუხრუჭი არ აქვთ“, – განაცხადა ტატანაშვილმა.

როგორც „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა აღნიშნა, იმისთვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს ნორმები, რომლებიც საზოგადოებაშია ფესვგადგმული.

„ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით – ჩემთვის „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რაღაც კულტურული ფაქტორი, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს, რომ საზოგადოება ინდივიდუალური ადამიანის საქალწულე აპკს განიხილავს, როგორც საზოგადოებრივ საკუთრებას. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ადამიანი არის თავისუფალი, ის თავის ცხოვრებაზე გადაწყვეტილებას თვითონ იღებს და ა.შ“, – განაცხადა ზურაბ ტატანაშვილმა.