ზურაბ სიხარულიძე - სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა ძალიან ხშირად გამოიყენება და რთულია თქმა, რამდენადაა შესაძლებელი ამ სივრცის ტექნიკურად გაკონტროლება 
ზურაბ სიხარულიძე - სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა ძალიან ხშირად გამოიყენება და რთულია თქმა, რამდენადაა შესაძლებელი ამ სივრცის ტექნიკურად გაკონტროლება 

ვერ ვიტყვი, რომ ისინი რაღაც სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ გადაცემის შემდეგ მეც მქონია ბევრი შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელში ადამიანები ანონიმურად, მძიმე ბრალდებებს მიყენებდნენ და შეურაცხმყოფელ ტექსტებს მწერდნენ, – ამის შესახებ სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა ძალიან ხშირად გამოიყენება და რთულია თქმა, რამდენად არის შესაძლებელი ამ სივრცის ტექნიკურად გაკონტროლება“, – განაცხადა სიხარულიძემ.

მისი თქმით, ის ასევე შეეჯახა პრობლემას, როცა ჟურნალისტმა მისი პირადი მონაცემები და ინფორმაცია გამოიყენა.

„ამის გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მივმართე. მან მითხრა, რომ სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებს და ზოგადად, ასეთ სტატიებზე რეაგირებას ვერ მოვახდენთ, ანუ, ჟურნალისტს ვერ ვკითხავთ, მასალა საიდან მოიპოვაო. ამის გამო, დაახლოებით, რვა თვეა, ეთერში არ გამოვჩენილვარ. სამწუხაროდ, ჟურნალისტების მიმართ ცოტა უნდობლობაც გამიჩნდა. თქვენს გადაცემაში იმიტომ მოვედი, რომ ბევრ ჟურნალისტზე უარს მაინც ვერ ვიტყვი“, – განაცხადა სიხარულიძემ.

როგორც სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მისი განაცხადი არც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ არ მიიღო, რადგან მათი თქმით, ჟურნალისტს იმ წყაროს გამჟღავნების ვალდებულება არ აქვს, რომლისგანაც პიროვნების პირადი ინფორმაცია მიიღო.