ზურაბ სიხარულიძე - სიმპტომები, რამაც ხუთი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ე.წ. კლუბური ნარკოტიკის ზედოზირების ნიშნებისგან განსხვავებულია
ზურაბ სიხარულიძე - სიმპტომები, რამაც ხუთი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ე.წ. კლუბური ნარკოტიკის ზედოზირების ნიშნებისგან განსხვავებულია

სიმპტომები, რამაც ხუთი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ე.წ. კლუბური ნარკოტიკის ზედოზირების ნიშნებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია, – განაცხადა ნარკოლოგმა, ზურაბ სიხარულიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

“ყველა პაციენტს, ვინც „ემერჯენსში“ მოხვდა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. სასუნთქ გზებში გადასული იყო პირნაღები მასები. მათ გონება ჰქონდათ დაკარგული და რეალურად, კომა სამბალიანი იყო. ჩვენი ინფორმაციით, ეს მდგომარეობა ნარკოტიკის მიღებიდან 5-6 საათში განვითარდა. ფსიქოსტიმულაციური ნარკოტიკის მიღების შემთხვევაში კი, ასეთი მდგომარეობა არ ვითარდება. ასეთი მდგომარეობა მაშინ ვითარდება, თუ ადამიანი ფსიქოსტიმულაციურ ნარკოტიკზეა დამოკიდებული, ანუ, მას რამდენიმე დღის განმავლობაში მოიხმარს. ჩვენ ყველაზე მძიმე შემთხვევა გვაქვს, რადგან არც ერთი გარდაცვლილი ადამიანი დამოკიდებული არ იყო”, – განაცხადა სიხარულიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა კლინიკური მახასიათებლებით გამოირჩევა მეფედრონი და ფენტალინი, რა სიმპტომებით გამოიხატება ზედოზირება და რას უნდა მიაქციონ ყურადღება როგორც მომხმარებლებმა, ასევე მათმა ახლობლებმა, ზურაბ სიხარულიძემ აღნიშნა, რომ მეფედრონი რა დოზითაც არ უნდა მიიღო, ერთჯერადი მოხმარების შედეგად ასეთი ლეტალური შემთხვევა არ დგება.

„მეფედრონი ფსიქოსტიმულატორია, რომელიც უძილობას, აჟიტაციას, ფიზიკური აქტივობის მომატებას, ტემპერატურის მატებას და კბილების კრაჭუნს იწვევს. მეფედრონის ძალიან დიდ დოზასთან ერთად ბევრი ალკოჰოლი და ბევრი სხვა ტიპის ნარკოტიკის მიქსი უნდა იყოს მიღებული, რომ სიკვდილი დადგეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, სიკვდილი არა სუნთქვის, არამედ გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით დგება. ამ შემთხვევაში, პირველ ადგილზე მოდის გულის აჩქარება, მაღალი არტერიული წნევა, ძლიერი თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება და ა.შ“, – განაცხადა სიხარულიძემ.

მისი თქმით, მეფედრონის ფენტალინთან ერთად მიღების შემთხვევაში პირველად, ფსიქოსტიმულაციური, ანუ ძლიერი ტალღის ეფექტი მოდის, რაც ადამიანს იმის შეგრძნებას აძლევს, რომ ეს კლუბური ნარკოტიკია.

„მას ძლიერი, ფსიქომოტორული აღგზნება აქვს, რაც შემდეგ ნელდება და ძილში, მოდუნებაში გადადის“, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.