ზურაბ შენგელია - აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას, საზოგადოებასა და რუსეთს შორის უფსკრული სულ უფრო ღრმავდება
ზურაბ შენგელია - აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას, საზოგადოებასა და რუსეთს შორის უფსკრული სულ უფრო ღრმავდება

უფსკრული ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებას, საზოგადოებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის სულ უფრო ღრმავდება, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა,  ზურაბ შენგელიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„რუსეთი ცდილობს ბერკეტების გამოყენებას თავისი ინტერესების დასაცავად. ეს ინტერესები დაკავშირებულია კერძო საკუთრებასთან, აფხაზეთის განვითარებასთან, მექანიზმად იყენებს ისეთ სერიოზულ ტექნოლოგიებს, როგორიც არის, ვთქვათ, ბიუჯეტზე ზემოქმედება. ყველაფერი ეს არის ის პირობა, რომელიც დაედო საფუძვლად აფხაზი ხალხის ახლანდელ მდგომარეობას. იგივე შეიძლება ითქვას დემოგრაფიაზე. გარდა ამისა, საოცარი ტექნოლოგიებით ჩატარდა არჩევნები. არჩევნების წინ ყველაზე სერიოზული კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამლეს. ეს ყველაფერი იყო საფუძველი, რამაც მღელვარება გამოიწვია. არჩევნების შედეგებს იქ არავინ აღიარებს. ამ მღელვარების დაწყებას ბიძგი მისცა კრიმინალებს შორის ურთიერთობამ, გამოირკვა რომ ე.წ ხელისუფლება მჭიდრო კავშირშია კრიმინალურ სამყაროსთან“, – განაცხადა ზურაბ შენგელიამ.

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში საშიშია რუსეთის ფაქტორი.

„მოგეხსენებათ, დღეს იქ შეიყვანეს შინაგანი ჯარები. მეშინია, რუსეთმა ეს არ გამოიყენოს და ყველა ის მიზანი, რომელიც აქვს დასახული საზოგადოების საწინააღმდეგოდ და თავის ინტერესის დასაცავად, ძალით არ მოახვიოს მათ“, – განაცხადა ზურაბ შენგელიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.