ზურაბ შენგელია - რუსეთი ცდილობს, აფხაზები ქართველებთან ურთიერთობით შეაშინოს, ეს არის სერგეი შამბას გამოსვლების მთავარი გზავნილი
ზურაბ შენგელია - რუსეთი ცდილობს, აფხაზები ქართველებთან ურთიერთობით შეაშინოს, ეს არის სერგეი შამბას გამოსვლების მთავარი გზავნილი

აფხაზური საზოგადოებისა და რუსეთის ხელისუფლების ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, პარალელურად კი, ქართველებსა და აფხაზებს შორის ბევრი საერთო ინტერესი გაჩნდა, – ამის შესახებ პირველ არხს ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებასთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ზურაბ შენგელიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, 1992 წლის შემდეგ პირველად ხდება, რომ აფხაზებს რუსეთთან იმაზე ახლო ურთიერთობა არ სურთ, რაც აქამდე იყო. შესაბამისად, რუსეთი დასაშინებლად სინჯებს ახორციელებს.

„იმ ფონზე, როცა აფხაზეთში არსებული სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა გამოწვეულია, ერთი მხრივ, აფხაზურ საზოგადოებაში კლანური მმართველობით, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის დაფინანსების შემცირებით, რუსეთი აკეთებს სინჯებს შესაშინებლად – თუ ჩვენ არა, ამას თუ ვერ გაუძლებთ, მაშინ ქართველებთან, საქართველოსთან მოგიწევთ ურთიერთობაო. შამბას განცხადებები ამ ყველაფრის გაგრძელებაა“, – განაცხადა ზურაბ შენგელიამ.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, აფხაზები ქართველებთან ურთიერთობით შეაშინოს.

„ახლა ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, რუსეთმა კი, ამჯერად საზოგადოებას შესთავაზა არა შამბა, რომელიც რუსეთის კანდიდატი იყო, არამედ ასლან ბჟანია წარადგინა ამ პოსტზე. ასლან ბჟანია ანქვაბის თანამებრძოლია.

რუსეთი გრძნობს სიტუაციას, რომ აფხაზურ საზოგადოებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბულობა, კარგის მომტანი არ არის. ამიტომ ცდილობს, გარკვეული ძალისხმევა ჩადოს, რომ აფხაზები შეაშინოს ქართველებთან ურთიერთობით. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი გზავნილი შამბას გამოსვლებშიც“, – განაცხადა თსუ-ს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა.

მისი შეფასებით, სერგეი შამბა რუსეთის ინტერესებს ახორციელებს.

„შამბა, შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად არის რუსეთის ინტერესების მაკორექტირებელი აფხაზურ საზოგადოებაში. მას რუსეთის ინტერესი აფხაზურ საზოგადოებაში გადააქვს, ამავე დროს, თვითონ რუსეთის ხელისუფლებისთვის არის გარკვეული კონსულტანტი. ჩემი გამოცდილებით, ეს გათვლილია მხოლოდ აფხაზურ პუბლიკაზე. ეს არის რუსული ნარატივი და რუსეთის მიმართება აფხაზურ საზოგადოებაზე“, – ამბობს ზურაბ შენგელიამ.

როგორც ის განმარტავს, სერგეი შამბას დამოუკიდებელი მოქმედების არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა.

„მას აფხაზურ საზოგადოებაში არც მხარდაჭერა აქვს და შამბა აფხაზეთში არ არის გავლენიანი ფიგურა“, – ამბობს ზურაბ შენგელია.

მისივე განმარტებით, პირველად საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანქვაბმა ახსენა, როცა მის ე.წ. წინასაარჩევნო პროგრამაში ხაზგასმით თქვა, რომ მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა მეზობლებს, ურთიერთობა ყველასთან უნდა დამყარდეს.

„ეს იყო ანქვაბის წინასაარჩევნო პროგრამაში, ხოლო ის, რაც ახლა ხდება, საქართველოსთან ურთიერთობით ხალხის დაშინების მცდელობა, სერგეი შამბამ შემოიტანა“, – განაცხადა პირველ არხთან ზურაბ შენგელიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ „ოპოზიციური ძალების ბლოკის“ შეკრებაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო ადამიანები იმყოფებიან, რომლებმაც მართვა არ იციან და ვითარება თუ არ გამოსწორდება, მათ „მუხლებზე დადგომა და საქართველოს ან რუსეთისთვის მათ შემადგენლობაში მიღების თხოვნა მოუწევთ“.