ზურაბ ქარუმიძის რომანი გერმანული მაუწყებლის მიერ თებერვლის საუკეთესო წიგნების ათეულში მესამე ადგილზე დასახელდა
ზურაბ ქარუმიძის რომანი გერმანული მაუწყებლის მიერ თებერვლის საუკეთესო წიგნების ათეულში მესამე ადგილზე დასახელდა

თანამედროვე ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის რომანი „Dagny or a Love Feast“ პრესტიჟული გერმანული მაუწყებლის SWR2 მიერ თებერვლის საუკეთესო წიგნების ათეულში მესამე ადგილზე დასახელდა. რომანი გასულ წელს გერმანულად ცნობილმა მთარგმნელმა შტეფან ვაიდლემ თარგმნა და გერმანულმა გამომცემლობამ Weidle Verlag-მა გამოსცა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გერმანული გამოცემის პრეზენტაციები 2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა. აღნიშნული წიგნის კითხვა-პრეზენტაცია კი 16 მარტს 2018 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება.

გერმანული მაუწყებელი SWR2 წიგნების სიას 40 წელია ყოველთვიურად ამზადებს. ახალი გამოცემების შერჩევაზე ევროპული ქვეყნებიდან ცნობილი ლიტერატორების, კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების 30 კაციანი ჟიური მუშაობს.

წიგნების შერჩევისას ჟიური ხელმძღვანელობს ერთადერთი კრიტერიუმით, შეირჩეს წიგნები, რომლებსაც თავად ჟიურის წევრები უსურვებდნენ ბესთსელერების სიაში მოხვედრას. ათეულში, ძირითადად, ავსტრიელი და გერმანელი მწერლების წიგნებია მოხვედრილი.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში წიგნზე რეცენზიები ისეთი გავლენიანი გამოცემების მიერ დაიწერა, როგორებიცაა: Frankfurter Allgemeine Zeitung, Süddeutsche Zeitung, culturbooks, Bayerischer Rundfunk, soundsandbooks, lustauflesen, tabularasamagazin, Deutschlandfunk Kultur.