ზურაბ ქარუმიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის შედეგი უნდა იყოს ძალიან ახლოს მისვლა ევროპულ კულტურასთან
ზურაბ ქარუმიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის შედეგი უნდა იყოს ძალიან ახლოს მისვლა ევროპულ კულტურასთან

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის შედეგი უნდა იყოს ძალიან ახლოს მისვლა ევროპულ კულტურასთან, – ამის შესახებ მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარმოდგენა ევროპაში საქართველოს ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის.

„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის შედეგი უნდა იყოს ქართული კულტურის უფრო მეტი ცნობადობა ევროპაში, თანაც ძალიან ახლოს მისვლა ევროპულ კულტურასთან და აღიარება, რომ ეს ძალიან საინტერესო, ძალიან თვითმყოფადი და ამავე დროს ევროპული ელემენტებით დატვირთული კულტურაა, განსაკუთრებით ლიტერატურა“, – აღნიშნა ზურაბ ქარუმიძემ.

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters-ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგა, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. პავილიონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად გახსნეს. 14 ოქტომბრამდე ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება.