ზურაბ პოლოლიკაშვილი - დღევანდელ ღონისძიებაზე ჩემი ქვეყნის საუკეთესო ნიმუშები იქნება წარმოდგენილი, დაინახავთ, რატომ ვარ ასეთი ამაყი, რომ ქართველი ვარ
ზურაბ პოლოლიკაშვილი - დღევანდელ ღონისძიებაზე ჩემი ქვეყნის საუკეთესო ნიმუშები იქნება წარმოდგენილი, დაინახავთ, რატომ ვარ ასეთი ამაყი, რომ ქართველი ვარ

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბერლინში ვიმყოფები. ჩვენ ყველანი ბერლინელები ვართ დღეს და ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, ვაერთიანებთ ჩვენს ინიციატივებს საერთაშორისო მეგობრობის და სოლიდარობის კონტექსტში, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

როგორც ITB Berlin-ის გახსნის ღონისძიებაზე, რომლის მასპინძელიც საქართველოა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, წელს ბერლინში მიმდინარე ღონისძიებაზე 200 სესია ჩატარდება, რაც საქართველოს პარტნიორობით მოხდება.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ყველას თანავუგრძნო, ვინც თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალდა. უდიდესი დიასპორაა, მათ შორის ბერლინში და ძალიან ბევრ მათგანზე უშუალოდ იმოქმედა ამ დიდმა ტრაგედიამ. ჩემი ორგანიზაციის სახელით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის უწყებების სახელით, მინდა, გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა. ოთხი წელია, რაც არ შევკრებილვართ ბერლინში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, ნამდვილად დავბრუნდით. 400 ლიდერი, ექსპერტი მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. 200 სესია ჩატარდება და ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩემი სამშობლოს, საქართველოს პარტნიორობით ტარდება. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მონისტრს ამ ღონისძიებაზე და ვულოცავ ამ ისტორიულ მიღწევას. ძვირფასო ირაკლი, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ დიდი, ისტორიული დღისთვის, თქვენი ძალისხმევისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ასევე გადავუხადო თითოეულ ქართველს, რომელიც ჩამობრძანდა, აქ მუშაობს უკვე რამდენიმე დღეა, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

პოლოლიკაშვილის თქმით, ტურიზმი არის მსოფლიოს ერთ-ერთი მზარდი მიმართულება, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს.

„ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე მნიშვნელოვანი რამ უნდა ითქვას. მოგზაურობა ყოველთვის ბრუნდება, უნდა დაბრუნდეს. ეს არის ნდობის ბარომეტრი. ჩემი ორგანიზაციის ფარგლებში ყველანი ვაცნობიერებთ, რომ პანდემიამდელ ვითარებას უნდა დაუბრუნდეს მდგომარეობა. 900 მლნ საერთაშორისო მოგზაური აღინიშნა 2022 წელს და 550 მლნ-ზე მეტი ევროპაში ჩავიდა. 80 პროცენტი არის აღდგენის მაჩვენებელი. სხვა რეგიონშიც ხდებოდა აღდგენა. ახლო აღმოსავლეთში 80 პროცენტით დაბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობამდე, აფრიკაში 65 პროცენტია აღდგენის მაჩვენებელი. ჩვენ კარგი ტემპით მივდივართ. იანვრის მაჩვენებლები უკვე გაორმაგდა წინა წელთან შედარებით და ველოდებით, რომ გაიზრდება მაჩვენებლები. ახლახან დავბრუნდი ჩინეთიდან, მქონდა პატივი ქვეყნის ოფიციალური ხელახალი გახსნის ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა. ტურისტებისთვის გაიხსნა ქვეყანა. ამით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა, რეგიონის ეკონომიკა. ჩინეთი იყო ერთ-ერთი დიდი წყარო ტურიზმის და ტურისტები 255 მლრდ დოლარს ხარჯავდნენ საერთაშორისო მოგზაურობაზე. ბერლინში, ყველა ევროპულ ქვეყანაში და დედაქალაქში უნდა დაბრუნდეს ეს მაჩვენებელი. ზუსტად ამიტომ უნდა ითქვას, რომ ტურიზმის არის მსოფლიოს ერთ-ერთი მზარდი მიმართულება და კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს და გაიზარდოს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი მასშტაბი და უნდა შევქმნათ მშვიდობის და გაგების მექანიზმი ტურიზმის საშუალებით. თითქმის ერთი წლის წინ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და პირველად ჩვენმა ორგანიზაციამ და მისმა წევრებმა რუსეთს შეუჩერეს წევრობა. ყველამ მხარი დაუჭირა ჩვენს ორგანიზაციაში მისი მანდატის შეჩერებას და ერთადერთი გაერო-ს ორგანიზაციაა, რომელმაც შეუჩერა რუსეთს წევრობა. ამავდროულად, ტურიზმის სექტორი პრაქტიკულ დახმარებას უზრუნველყოფს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისზეც ეფექტი იქონია ამ მოვლენამ“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, ტურიზმი არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი ტოლერანტობისთვის.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობისთვის და იმისთვის, რომ მშვიდობა დაბრუნდეს და ნდობა აღდგეს. როგორც ვიცე-კანცლერმა ჰაბეკმა ბრძანა, ტურიზმი არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი ტოლერანტობისთვის. ჩვენ კრიზისი უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად. უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის გაზრდა კლიმატის ცვლილების დასაძლევად და ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ მოკავშირეების საშუალებით. ჩვენ ასევე საინვესტიციო მიმართულებაც გავხადეთ პრიორიტეტად. ეს ადრე არ გვქონდა ჩვენს განზრახვებში. ამიტომ წელს ჩვენ ჩავატარებთ მსოფლიო ტურიზმის დღეს ამ თემასთან დაკავშირებით და ოფიციალური აღნიშვნისთვის მივესალმები საუდის არაბეთის სამეფოს. იქ იციან, რას ნიშნავს ტურიზმი. ერთი ტრილიონი დოლარი იქნება კაპიტალდაბანდებული 2030 წლამდე. ეს იქნება მცირე და საშუალო საწარმოებში, ადგილობრივ თემებში. ამ მიმართულებით, მინდა, გამოვაცხადო, რომ მალე გვექნება ღონისძიება და მინდა, რომ მსგავსი ძალისხმევა ყველგან ვიხილო, ყველა ქვეყანაში. დიდი მადლობა ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ საუდის არაბეთის სამეფოსთან. ასევე, ჩვენი ორგანიზაცია ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან იმისათვის, რომ მსოფლიოში გაიზარდოს აქცენტი ამ მიმართულებით. ეს ჩემი პირველი პრიორიტეტია. „განათლება, განათლება და კიდევ უფრო მეტი განათლება“ არის ჩემი სლოგანი. ჩვენ გვინდა, რომ 20 000-ზე მეტი სტუდენტი 190 ქვეყნიდან ახდენდეს ამ მიმართულებით მეტ ჩართულობას. ისტორია ბერლინში არის ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, მშვიდობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა კულტურების შეცნობა და ათვისება. ჩვენ ამას ვაკეთებთ ინოვაციებისთვის, წინსვლისთვის და ძალიან სწორ ადგილას და სწორ დროს ვართ. მოდით, გავაერთიანოთ ძალისხმევა, რომ ყველა ყველგან ამ მიმართულებით ასრულებდეს თავის საქმეს. მიხარია, რომ დავბრუნდით და რადგან გადავხედე პროგრამას, საუკეთესო ნიმუშები იქნება ჩემი ქვეყნისა წარმოდგენილი, რაც ძალიან მიხარია. მე ვიცი, თქვენ დაინახავთ, რატომ ვარ ასეთი ამაყი, რომ ქართველი ვარ. მე წარმოვადგენ ამ პატარა, მაგრამ ძალიან საყვარელ, ძალიან ლამაზ ქვეყანას“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.