საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიმოსვლა კვლავ ძველი რეგულაციებით ხორციელდება
საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიმოსვლა კვლავ ძველი რეგულაციებით ხორციელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოში თურქეთის ახალ გენერალურ კონსულთან მაქბულე ქოჩაკთან შეხვედრაზე სარფის საბაჟოზე არსებული სიტუაცია და თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობის დეტალები დღეს განიხილა.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის კვლავაც ძველი წესით მიმდინარეობს და ეს ორი ქვეყნის წარმომადგენელთა კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობის შედეგია.

„მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის ოპტიმალური და გამართული სასაზღვრო პოლიტიკის არსებობა. მჯერა, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი კონსულტაციების შედეგად მიღწეული იქნება ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი შედეგი. კარგია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები საზღვარს კვლავაც ძველი წესით კვეთენ და მათ ამ მიმართულებით პრობლემები არ ექმნებათ“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სარფის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზეც, რომლის დასრულების შემდეგ გამარტივდება საზღვრის კვეთა, როგორც ფეხით გადამსვლელი მოქალაქეებისთვის, ასევე ავტომანქანებისთვის.

მაქბულე ქოჩაკი თურქეთის რესპუბლიკის კონსულად ბათუმში 2018 წლის იანვრიდან დაინიშნა.