ზურაბ ნოღაიდელი - იმედი მქონდა და მაქვს, რომ დავით გარეჯის საკითხი დეტალურად იყო განხილული პასუხისმგებელი პირების მიერ, ეს საკითხი პირველ რიგში სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა
ზურაბ ნოღაიდელი - იმედი მქონდა და მაქვს, რომ დავით გარეჯის საკითხი დეტალურად იყო განხილული პასუხისმგებელი პირების მიერ, ეს საკითხი პირველ რიგში სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მისი პრემიერობის დროს იმედი ჰქონდა, რომ დავით გარეჯის საკითხი დეტალურად იყო განხილული უშუალო პასუხისმგებელი პირების მიერ და ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა დოკუმენტები და არგუმენტები არ არსებობდა.

„იმედი მქონდა და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დეტალურად იყო განხილული უშუალო პასუხისმგებელი პირების მიერ და მათ ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა დოკუმენტი, სხვა რუკა და სხვა არგუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა ნოღაიდელმა „დღის კურიერის“ ეთერში.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის კეთილსინდისიერების იმედად იყავით?, – ნოღაიდელი პასუხობს, რომ პირველ რიგში აღნიშნული საკითხი მიხეილ სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობა იყო.

„კი და არა მარტო. პირველ რიგში, ეს მისი (მიხეილ სააკაშვილის) უშუალო პასუხისმგებლობაა. ისევე, როგორც დღესაც ვარ პასუხისმგებელი ყველა იმ ეკონომიკურ დოკუმენტზე, რომელიც 2005-2007 წლებში სადმე განხილულა, რომელიც უშუალოდ ჩემი პასუხისმგებლობა იყო საქართველოს კონსტიტუციით, დღესაც, ხვალაც, 13 წლის მერეც, წინასაარჩევნო პერიოდშიც და დამთავრების შემდეგაც, ყველა წარდგენილ დოკუმენტზე ვარ ჩემი თავით და კისრით პასუხისმგებელი, ისევე უნდა იყვნენ სხვა მონაწილეები პასუხისმგებელი თავიანთ გადაწყვეტილებებზე, მათი პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე. სხვანაირად არ ხდება. ნამდვილად უნდა გაირკვეს, ვინ არის ამ საკითხზე პასუხისმგებელი პოლიტიკურად და ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ არსებობდა დამატებითი დოკუმენტური არგუმენტები და ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

ზურაბ ნოღაიდელის ინფორმაციით, 2005 წელს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა, რის შემდეგაც სააკაშვილმა გააკეთა დასკვნა, რომ მთავარი ამოცანა მათი რესტავრაციაა.

ამასთან, ნოღაიდელის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით მისი ყოფილი კოლეგების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო გაკვირვებულია. კერძოდ, ნოღაიდელი გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის საზღვრების თემაზე გამოძიება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. ზურაბ ნოღაიდელის განმარტებით, თავად დაინტერესებულია, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ყველაფერი გაირკვეს და მისი სახელი გამართლდეს.

გარდა ამისა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ 1938 წლის 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის არსებობის შესახებ ახლა, მხოლოდ გამოძიების შედეგად შეიტყო. ნოღაიდელის თქმით, მსგავსი ინფორმაცია არც მისი პრემიერობის დროს და არც მას შემდეგ არ მიუღია.

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, მისთვის აღნიშნული რუკის შესახებ ინფორმაცია ცნობილი რომ ყოფილიყო, შესაბამის ზომებსაც მიიღებდა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.