ზურაბ ნოღაიდელი - დავიწყეთ დადგენა, რა ტექნიკური და სპეცსაშუალებები იყო გამოყენებული 7 ნოემბერს მიტინგზე, შს მინისტრმა დაგვამშვიდა, რომ დასავლეთ ქვეყნებში იყენებდნენ ამ ცრემლსადენ გაზს და ტყვიებს
6 ნოემბერს დავბრუნდი საზღვარგარეთიდან, სააკაშვილს ვთხოვე შეხვედრა. არაა საჭირო, ყველაფერი წესრიგშიაო. შესაბამისად, ავედი წყნეთში, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში. 7 ნოემბერს კანცელარიაში მთავრობის სხდომა იყო, მიტინგი უკვე დაშლილი დამხვდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ნოღაიდელის თქმით, მთავრობის სხდომას არ ესწრებოდნენ ძალოვნები, თავდაცვისა და შს მინისტრები, მერაბიშვილი და კეზერაშვილი.
„ეს იშვიათი მოვლენაც არ იყო, მაგრამ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, გასაგებია, რატომაც არ ესწრებოდნენ. ხალხს ისევ დაუწყია შეკრება და დარბევა დაწყებულა. იძულებული გავხდით, შეგვეწყვიტა მთავრობის სხდომა. დავიწყეთ დადგენა, რა ტექნიკური და სპეცსაშუალებები იყო გამოყენებული მიტინგზე. შს მინისტრმა დაგვამშვიდა, რომ დასავლეთ ქვეყნებში იყენებდნენ ამ ცრემლსადენ გაზს და ტყვიებს. მაშინ ჟურნალისტებს მივეცი ეს განმარტება. მივიღეთ ინფორმაცია კობა დავითაშვილის დაზიანებაზე. გავიგეთ, რომ გორის ჰოსპიტალში იყო“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
ამასთან, პროკურორმა ნოღაიდელს კითხვა დაუსვა, იცოდა თუ არა 4 ნოემბრის თათბირის შესახებ, რაზეც ნოღაიდელმა უპასუხა: „4 ნოემბერს შსს-ში თათბირზე ვერ ვიქნებოდი, რადგან საქართველოში არ ვიმყოფებოდი 7 ნოემბრამდე და თათბირთან დაკავშირებით ინფორმაცია 2008 წელს ვასილ მაღლაფერიძისგან მივიღე. 6 ნოემბრამდე ჩემთვის ცნობილი იყო, რომ მიტინგი არ უნდა დარბეულიყო“.
ამასთან, ზურაბ ნოღაიდელმა სასამართლო პროცესზე ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებითაც ისაუბრა.
„იმედის“ და ტელევიზიებისადმი სააკაშვილის ინტერესი ცნობილია. „იმედისადმი“ ინტერესი სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანი იყო. ზაფხულიდან დაწყებული იხილებოდა პატარკაციშვილისგან ტელეკომპანია „იმედის“ გამოსყიდვის საკითხი. რკინიგზის პრივატიზაციის სანაცვლოდ მიიღებდა. მოლაპარაკებებს აწარმოებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. პატარკაციშვილს რკინიგზა არ აინტერესებდა იმდენად, რამდენადაც ხელისუფლებაში მოსვლა. სააკაშვილის ინიციატივა იყო ეს. 7 ნოემბრისათვის ეს საკითხი უკვე დღის წესრიგიდან იყო მოხსნილი. მანამდე თუ ოთხი კამერა მოდიოდა ჩემს ბრიფინგზე, ამის შემდეგ ერთი ოპერატორი მოვიდა სამი მიკროფონით, „იმედის“, „რუსთავის“ და პირველი არხის. მონოპოლია იყო სრული ინფორმაციით“, – განაცხადა ნოღაიდელმა.