ზურაბ მხეიძე - პანიკას კარგი არაფერი მოაქვს და მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი პანიკაში არ გადავიდეს
ზურაბ მხეიძე - პანიკას კარგი არაფერი მოაქვს და მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი პანიკაში არ გადავიდეს

პანიკა დიდწილად მასმედიიდან ვრცელდება, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ზურაბ მხეიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც კორონავირუსის შესახებ იმსჯელეს.

„პანიკას არაფერი კარგი არ მოაქვს და მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი პანიკაში არ გადავიდეს. პანიკას ორი რაღაც იწვევს – ჭარბი ინფორმაცია ან ინფორმაციის დეფიციტი. ჩვენ მახვილს თუ ვაკეთებთ და ყოველდღე ვლაპარაკობთ რაღაცაზე, ესეც ხდება პანიკის საფუძველი. გავიგეთ, რომ საშიში და ცუდი ამბები უფრო კარგად იყიდება. ჟურნალისტებს რომ ჰკითხო, აგიხსნიან, რომ ასე ჯობია, მაგრამ ცოტა იმის იქითაც რომ გაიხედონ, რა შედეგი დგება, საზოგადოების წინაშე მათი მოქმედებები გაცილებით პატიოსანი და პასუხისმგებლიანი იქნებოდა“, – განაცხადა ზურაბ მხეიძემ.

მისი თქმით, პანიკა რომ ნაკლებად გავრცელდეს, ამისთვის სიტყვები სწორად უნდა გამოვიყენოთ.

„ექიმები, რომლებიც ვთქვათ, მაღალი კომპეტენციის არიან და თავიანთ კომპეტენტურ ენაზე სწორად საუბრობენ, არ ითვალისწინებენ იმას, რომ მოსახლეობას ეს კომპეტენცია არ აქვს და თითოეული სიტყვა მათთვის გაცილებით მეტი მგრძნობელობის მატარებელია, ვიდრე ვთქვათ, კოლეგებისთვის. არის პანიკის კიდევ ერთი სახე – ეკონომიკური პანიკა. ითქვა, რომ არის ეკონომიკური საშიშროება, რამაც შესაძლოა, გარკვეული ტიპის ქცევები გამოიწვიოს მოსახლეობაში, იგივე ვალუტასთან მიმართებით. ამიტომ, პროფესიონალები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რომ ეს იმ ენაზე ითარგმნოს, რაც მოსახლეობისთვის შიშის გამომწვევი არ იქნება“, – განაცხადა ზურაბ მხეიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მზად აღმოჩნდა ქართული საზოგადოება ამ გამოწვევის წინაშე, რასაც პანიკა და ფობია ჰქვია, პაატა მხეიძემ განაცხადა, რომ პანიკა ყველა ქვეყანას ახასიათებს.

„უბრალოდ, არის ჩამონათვალი, ვინ უფრო ვარდება ამ მდგომარეობაში. როგორც დათვლილია, ამ მდგომარეობაში ვარდება შედარებით ნაკლები განათლების, ნაკლებად კრიტიკული აზროვნების მქონე და შთაგონებადი ადამიანი, ვისზედაც ზემოქმედება ადვილია“, – განაცხადა ზურაბ მხეიძემ.

როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, არასწორი გამოთქმაა – არ არსებობს პანიკის საფუძველი, რადგან პანიკა იმთავითვე არარაციონალური ქცევაა.

„ეს არის ირაციონალური, გაუაზრებელი, დესტრუქციული ქცევა და მას ზოგადად ორი მომენტით ახასიათებენ; ერთი არის აფექტური, სადაც მასა გარბის და თვითონ არ იცის, რას აკეთებს, მეორე კი სქემატური, სადაც მე მაქვს რაღაც გამზადებული სქემა, მაგრამ ეს სქემა საფრთხის არაადეკვატურია“, – განაცხადა ზურაბ მხეიძემ.