ზურაბ მხეიძე აცხადებს, რომ საარჩევნო „ესემეს“ შეტყობინებები რაღაც ეტაპზე საინტერესო და მიმზიდველია, მაგრამ ჭარბმა მიწოდებამ შესაძლოა, გაღიზიანება გამოიწვიოს
ზურაბ მხეიძე აცხადებს, რომ საარჩევნო „ესემეს“ შეტყობინებები რაღაც ეტაპზე საინტერესო და მიმზიდველია, მაგრამ ჭარბმა მიწოდებამ შესაძლოა, გაღიზიანება გამოიწვიოს

აგრესია არ არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დაკვეთა, ეს უბრალოდ, გულშემატკივრების, „ისტების“ დაკვეთაა, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ზურაბ მხეიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე რომ იმას დავარტყი, ამას უხარია, ნახე, რა გააკეთაო და ა.შ. ანუ, ეს აგრესია თავისიანებს ახარებს და არა მგონია, ეს მოქმედებდეს იმ ხალხზე, ვინც გადაუწყვეტელია. აგრესიას დამატებითი ხმები ვერ მოაქვს. იმიტომ, რომ აგრესია სასტიკად მოსაწყენი გახდა. მე ეს კვლევაც გავაკეთე და აღმოჩნდა, რომ ნეგატივი საშინელი და აუტანელი გახდა“, – განაცხადა მხეიძემ.

ამ განცხადებით ზურაბ მხეიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამ განაპირობა ის, რომ წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო ისეთი აგრესიული აღარ არის, როგორიც წინა პერიოდში იყო და განაპირობა თუ არა ეს მოცემულობა იმან, რომ ამომრჩეველი გაიზარდა და აგრესია მისი დაკვეთა აღარ არის, ან ამომრჩევლის მხრიდან წამოვიდა აგრესია და პოლიტიკურმა სუბიექტებმა ეს ფაქტორი გაითვალისწინეს.

შეკითხვაზე, რამდენად მუშაობს ამომრჩეველზე პარტიათა სლოგანები, ზურაბ მხეიძემ განაცხადა, რომ იმ პარტიების სლოგანები, რომელთა შინაარსი, მიმართულება და ყველაფერი ზეპირად ვიცით, ზედმეტი ინფორმაციაა, თუ ასეთმა პარტიებმა რამე ორიგინალური არ მოიფიქრეს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად ეფექტიანია დღეს სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებსაც პარტიებისგან ვიღებთ და შესაძლებელია თუ არა, ამან პირიქით, აგრესია და უკუაქტივობა გამოიწვიოს, ზურაბ მხეიძემ განაცხადა, რომ ასეთი შეტყობინებები რაღაც ეტაპზე საინტერესო და მიმზიდველია, მაგრამ ჭარბმა მიწოდებამ შესაძლოა, გაღიზიანება გამოიწვიოს.

„მაგალითად, მე პირადად არც ვუყურებ და ჩემ გარშემო ვიცი, რომ ბევრს საერთოდ, უფრო აღიზიანებს. იმიტომ, რომ ბოლო-ბოლო, რაღაც მოძრაობა უნდა გავაკეთო, უნდა ავიღო ტელეფონი, დავხედო და წარმოიგდინეთ, ტყუილად რომ ამაღებინეთ ეს ტელეფონი და რაღაც შემაწყვეტინეთ. სხვათა შორის, ამის გამო და სარეკლამო „ესემესების“ გამო მთავარი „ესემესი“ გამომიტოვებია. იმიტომ, რომ ერთად ვაგროვებ და მერე ვნახულობ ხოლმე, რომელიც მინდა. ასე რომ, რაღაც ფორმით, თუ ეს იშვიათია და იქ რაღაც ისეთი წერია, ადამიანი ამას აღიქვამს, როგორც ყურადღებას, მაგრამ თუ ეს მეორდება, ეს ყურადღება არ არის. ეს არის შეწუხება. არანაირად არ მგონია, რომ ეს ამომრჩევლების დიდ ნაწილზე პოზიტიურ გავლენას ახდენდეს. პირიქით, გამაღიზიანებელია“, – განაცხადა მხეიძემ.

ზურაბ მხეიძემ ასევე განაცხადა, რომ არჩევნებს იგებს ის, ვინც იცის, როგორ აღძრას ის ემოცია, რომელიც უნდა აღძრას და ემოცია, რომელიც მან აღძრა, შედეგისთვის სჭირდება.

„თუ ეს ორი რამ იცი, არჩევნებიც შენ ხარ, პრეზიდენტიც და საერთოდ, ყველაფერი“, – განაცხადა ზურაბ მხეიძემ.