ზურაბ მახარაძე – ტერმინი არაბიზაცია გაჩნდა ხალხში და სინამდვილეში ნიშნავს აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მასობრივი მიგრაციის ფაქტორს, არაბიზაციაც მასობრივი მიგრაციის ნაწილია

23:58, 22.09.2026

საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და კატარის მოქალაქეები აქ არ არიან ჩამოსული და სად არის არაბიზაციაო, არაბიზაცია მაგას არ ნიშნავს, ეს არის კრებსითი ტერმინი, რომელსაც ხალხი იყენებს არაევროპული მოსახლეობის მიგრაციის მარკერად, – ამის შესახებ პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წევრმა, ზურაბ მახარაძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

მისი თქმით, არაბიზაცია არის ნაწილი ფართო პრობლემის, მასობრივი მიგრაციის.

„ტერმინი არაბიზაცია გაჩნდა ხალხში, ჩვენი მოგონილი არ არის და სინამდვილეში ნიშნავს შემდეგს – აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მასობრივი მიგრაციის ფაქტორს.  ტერმინ არაბიზაციაში საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქე ძალიან თავისუფლად აერთიანებს ისეთი ჯგუფების შემოსვლას, როგორებიც არიან მაგალითად, ინდოეთის, პაკისტანის მოქალაქები. არადა, არანაირი კვეთა მაგალითად, არც კულტურულად, არც ეთნიკურად და არც გეოგრაფიულად ინდოელებს და პაკისტანელებს არ აქვთ. ეს არის კრებსითი ტერმინი, რომელსაც ხალხი იყენებს არაევროპული მოსახლეობის მიგრაციის მარკერად. ჩვენ როცა ვიყენებთ ტერმინ არაბიზაციას, არ ვგულისხმობთ მარტო საუდის არაბეთის მოქალაქეებს, ვგულისხმობთ ფართო ნარატივს და არაბიზაციაც არის ნაწილი უფრო ფართო პრობლემის, მთლიანად მასობრივი მიგრაციის, რომელშიც, მათ შორის შედიან რუსები, უკრაინელები, ბელარუსები. მთლიანად მასობრივი მიგრაცია პრობლემაა.

მასობრივი მიგრაციის კონკრეტულად ეს მონაკვეთი, არაბიზაცია რასაც აერთიანებს, განსაკუთრებით აწუხებს მოსახლეობის ნაწილს და ამაზე არსებობს პოლიტიკური პროტესტი“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

მახარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ამ თემასთან დაკავშირებით შინაარსობრივ დისკუსიაში უნდა შევიდეს და სახელმწიფო საემიგრაციო პოლიტიკა შეიცვალოს.

„იმის მაგივრად, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენოს საბავშვო ბაღის დონის არგუმენტები -„ნაცი ხარ“,  შინაარსობრივ დისკუსიაში უნდა შემოვიდეს.

საქართველოში როდესაც ჩნდება რაღაც ქუთაისისხელა ქალაქი, სადაც რეზიდენტები 60%-ზე მეტი არაქართველები იქნებიან, ეს არის გამაერთიანებელი წერტილი, მთელ საქართველოში ყველას რა პრობლემაც აქვს მასობრივი მიგრაციის წინააღმდეგ, ამ კონკრეტულ თემაში კონცენტრირდა. დავუშვათ, ხვალ არაბული ქალაქების თემა რომ გაჩერდეს, მაგრამ არაფერი შეიცვალოს სახელმწიფო საემიგრაციო პოლიტიკაში, ზუსტად იგივე პრობლემის წინაშე ვიდგებით“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

მსგავსი