ზურაბ მახარაძე - ნატო-სა და ევროკავშირზე ჩანაწერი ამოსაღებია საქართველოს კონსტიტუციიდან, ჩვენი ინიციატივაა, ამაზე რაღაც მოქმედებები უნდა დაიწყოს
ზურაბ მახარაძე - ნატო-სა და ევროკავშირზე ჩანაწერი ამოსაღებია საქართველოს კონსტიტუციიდან, ჩვენი ინიციატივაა, ამაზე რაღაც მოქმედებები უნდა დაიწყოს

ნატო-სა და ევროკავშირზე ჩანაწერი ამოსაღებია საქართველოს კონსტიტუციიდან, რადგან მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს მინუსში, – ამის შესახებ პარტიის „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ზურაბ მახარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

„უსაფრთხოების კუთხით არაფერს არ გვმატებს და საფრთხის კუთხით, ფაქტია, უკრაინის მაგალითმა აჩვენა, რომ საფრთხეებს ზრდის, ზოგადად, უკრაინაზე გაკეთებულმა არაერთმა განცხადებამ, რომ ეს ქვეყანა ვერ შევა ნატო-ში, არადა, ომი ძირითადად მაგ  ულტიმატუმის გარშემო დაიწყო. ომის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი წელიწადი მაგაზე მიდიოდა ვაჭრობა და ეგ იყო ინიცირების მთავარი ნაპერწკალი. უკრაინის ლოგიკა ჩვენზეც ვრცელდება. უკრაინის ნატო-ში შეყვანა თუ არ შეუძლიათ, ზუსტად იმავე ლოგიკით არ შეუძლიათ ჩვენი შეყვანაც ნატო-ში. აქ საკითხი კი არ არის, ზურა მახარაძეს ან ვინმეს რა უნდა ან არ უნდა, ობიექტური გარემოებები ლაგდება ისე, ნატო-ში ვერ შევალთ. აქედან გამომდინარე, ეგ ჩანაწერი ამოსაღებია საქართველოს კონსტიტუციიდან. ჩვენი ინიციატივაა, ამაზე უკვე რაღაც საუბარი და მოქმედებები უნდა დაიწყოს“, – განაცხადა მახარაძემ.

როგორც პარტიის „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთადერთი სწორი მიდგომაა – საქართველოს ინტერესები უპირველეს ყოვლისა.

„პროდასავლელი, პრორუსი, პროთურქი და კიდევ ყველა პრო, პროქართველის გარდა, ზრდილობიანად რომ ვთქვათ, ცუდი ადამიანია ყველა. ერთადერთი სწორი მიდგომა არის – საქართველოს ინტერესები უპირველეს ყოვლისა. ეს არის უნივერსალური. საქართველოს ინტერესებს როგორ ვხედავთ და როგორ უნდა განვახორციელოთ, ამაზე შეიძლება, ვიდავოთ. გეოპოლიტიკური მოვლენების ანალიზი ხდება რეალპოლიტიკის ლოგიკაში, სადაც მთავარი არის ძალა. რაც გაირკვა, რა ფაზური გადასვლაც მოხდა ახლა, არის იმის დემონსტრაცია, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები, ჩვენი რაღაც პარტნიორები ნოტას შეადგენენ, რაღაცაზე აღშფოთდებიან, რაღაცას დაგმობენ. ეს ყველაფერი ადრეც გასაგები იყო, მაგრამ ილუზია არსებობდა. ახლა, როცა მსოფლიოს მთავარი პოლიციელი აშშ ამბობს, ვენესუელიდან პრეზიდენტი მოვიპარე, რადგან მაგათი ნავთობი მინდოდა, ყველაფერი ფეხზე მკიდიაო, ასეთი რეალობა რომ დადგა, სხვებიც ასე ვთამაშობთ, ხომ? დადგა რეალობა, სადაც მარტო რასაც აზრი აქვს, ეს არის ძალა, ვისი დაბომბვა შეგიძლია და ვისი არ შეგიძლია. ამ რეალობაში ჩვენ შეგვიძლია, ძალიან ფართო მსჯელობა ჩავატაროთ, ვინ რამდენად კარგია, ვის უნდა დაველაპარაკოთ, ამ ტიპის საუბარი შეიძლება, მაგრამ რეალობაში, სახელმწიფო მიდგომით ჩვენ უნდა დავთვალოთ ძალიან ბანალური რაღაცები. რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვართ, ვის შეუძლია სამხედრო ძალის პროეცირება, ვინ არიან სუბიექტები, ვისაც აქ შეუძლია სამხედრო ძალის პროეცირება, ვის აქვს ეკონომიკური და დიპლომატიური გავლენები აქ, ამათი თანაფარდობა უნდა დავთვალოთ და მანდ უნდა გავძვრეთ რამენაირად, რათა საქართველოს ინტერესები უპირველეს ყოვლისა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა მახარაძემ.

მისი თქმით, პირველი კითხვა ის კი არ არის, ნატო-ს ალიანსში რამდენად კარგი სიტუაციაა, არამედ პირველი კითხვაა, ამ ალიანსს შენს რეგიონში სამხედრო ძალის ან უსაფრთხოების პროეცირება შეუძლია თუ არ შეუძლია.

„ჯერჯერობით, ირკვევა, რომ გეოგრაფიულად სადაც ვართ, ამ რეგიონში დიდად არც ინტერესი ჩანს სამხედრო უსაფრთხოების ძალის პროეცირების და არც შესაძლებლობა“, – განაცხადა მახარაძემ.