ზურაბ ლალაზაშვილი - როდესაც მიდის ნებისმიერი დისკუსია, რაც საზოგადოების, ქვეყნის გახლეჩვისკენ არის მიმართული, ეს პირდაპირ უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე
ზურაბ ლალაზაშვილი - როდესაც მიდის ნებისმიერი დისკუსია, რაც საზოგადოების, ქვეყნის გახლეჩვისკენ არის მიმართული, ეს პირდაპირ უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე

დღევანდელი დღე რომ ავიღოთ ლარის გაუფასურების კუთხით, ეს არის უფრო მოლოდინების გამო, ვინაიდან გვაქვს სიტუაცია, როდესაც ჩაიარა არჩევნებმა, მაგრამ გაურკვეველია, როგორ დალაგდება მთავრობა, რა პოლიტიკას აირჩევს; თითქოს არ არის ჯერ ყველაფერი ცნობილი, – აცხადებს ​BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.

„ზოგადად რომ ავიღოთ, ეს ასახავს ალბათ ეკონომიკის მდგომარეობას. ჩვენ ახლა საკმაოდ რთულ რეალობაში ვცხოვრობთ. გარდა იმისა, რომ ქვეყანას ზოგადად სჭირდება ძალიან სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომ რაღაცნაირად უფრო ნორმალურ სახელმწიფოდ ვიქცეთ და მოსახლეობას უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეს, ამას დაემთხვა კოვიდი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკას, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ფულად შემოდინებებს, როგორიც არის ძირითადად ტურიზმიდან ინვესტიციები. ეს ყველაფერი ბუნებრივია აისახება ლარზე. რაც არ უნდა გაყიდოს სებ-მა, გინდა გრძელვადიან, გინდა საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამის იმედზე ჩვენ არ უნდა ვიყოთ – რომ ეროვნული ბანკი გაყიდის რეზერვებს და ჩვენ დავიჭერთ კურსს – ეს შეუძლებელია, თუ თვითონ ფულადი შემოდინებები უცხოურ ვალუტაში არ დაიწყო, რამაც შეიძლება გაამყაროს ჩვენი ეროვნული ვალუტა. ეს ბუნებრივია თავის მხრივ დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარებაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ჩვენ გვქონდეს სტაბილური გარემო. როდესაც ჩვენ არ გვაქვს ფულადი შემოდინებების წყარო, როგორიც არის ტურიზმი, ამ შემთხვევაში უნდა იყოს ინვესტიციები ყველაზე პირველი და ექსპორტი, რამაც შეიძლება დააბალანსოს. ჩვენ გვინდა ქვეყანა, სადაც უცხოური ინვესტიციები შემოდის და ამით მყარდება ვალუტა და მეორე მხრივ, ექსპორტზე გადის ჩვენი პროდუქცია და მომსახურება და ამით მყარდება ვალუტა. ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო ქვეყანაში და ეკონომიკაში. პირველ რიგში ეს არის ნდობა ქვეყნის და სტაბილური გარემო. ჩვენზე ყველაფერი ახდენს გავლენას და ძირითადად რასაც ვუყურებ, დისკუსია მიდის არა ქვეყნის განვითარებაზე, არამედ ერთმანეთთან კინკლაობაში და კამათში იხარჯება უზარმაზარი რესურსი და დრო. რეალურად, ახლა ყველანაირად უნდა გავაკეთოთ საზოგადოების კონსოლიდაცია. ვისაც რაიმეს შექმნა შეუძლია, ყველა უნდა იყოს ჩართული ჩვენი ქვეყნის შენებაში. ეს არის ამოსავალი წერტილი. როდესაც მიდის ნებისმიერი დისკუსია, პოლემიკა, რაც როგორც საზოგადოების, როგორც ქვეყნის დახლეჩვისკენ არის მიმართული, ეს პირდაპირ უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე“, – აცხადებს ლალაზაშვილი.

მისივე თქმით, როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესზე, ბიზნესს სჭირდება გათვლა, რა უნდა გააკეთოს, როგორ გააფართოოს საქმიანობა, მიიღოს დამატებითი შემოსავალი და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

„ბიზნესი ვერ გათვლის ამას, თუ არ იქნება პირველ რიგში სტაბილური ვალუტა და მეორე, თვითონ გაურკვეველი სიტუაცია პოლიტიკურად, იმიტომ რომ არ იცის ხვალ რა ელოდება. კორონა რომც არ იყოს, ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიქნებოდით, მაგრამ ამას დაემატა თავის მხრივ კორონაც, რომელმაც განსაკუთრებით მძიმედ დაარტყა ჩვენნაირი ტიპის ეკონომიკას, რომელიც პატარაა, არ არის დივერსიფიცირებული. რა არის გამოსავალი?! პირველ რიგში ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს დასტაბილურება, ძალიან სწრაფად დაინახოს ბიზნესმა, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას მთავრობამ იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და შემდგომ დაგეგმოს ბიზნესმა თავისი ნაბიჯები და თუ გარე ინვესტიციებზე არ ვსაუბრობთ, შიდა ინვესტიციების წახალისება მაინც მოხდეს“, – აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.