ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოს ითხოვდა. პროცესს დაესწრო თავად ბრალდებულიც. ის დანაშაულს აღიარებს.
„ვერ ნახავთ მეორე საქმეს საქართველოში, ვერცერთ პროკურატურაში და ვერცერთ სასამართლოში, სადაც ამ მოცემულობით, როდესაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ნასამართლევი არ არის, ინანიებს, ხელი შეუწყო გამოძიებას, მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში, მას პატიმრობა ჰქონდეს შეფარდებული. სამართალწარმოება საერთოდ ისე მიმდინარეობს აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს, სასამართლო მსჯელობს იმ მოცემულობითა და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც საქმეშია. რა იქნება მომავალში, ამაზე მსჯელობის უფლება მოსამართლეს არ ჰქონდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მოისმინა რა იმ პერფორმანსის შესახებ, პატრიარქის შესახებ მიუღებელი მსჯელობები დაზარალებულისგან, მას შემდეგ არ უნახავს დაზარალებული, საგულისხმოა, რომ არც კი უძებნია. შემთხვევით მოხდა მათი შეხვედრა და გაიხსენა წყენა, რაც მის მიმართ გულში ჰქონდა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ფაქტს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად აღიარებს“, – განაცხადა ადვოკატმა, ნოდარ ცინცაძემ. წინასასამართლო სხდომა 24 ივლისს ჩაინიშნა.
საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დღეს წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, 17 ივნისს გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე ბრალდებულმა საჯარო სივრცეში პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა გამოთქმული განცხადებებისა და განხორციელებული ქმედებების გამო.
სამართალდამცველებმა ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა ბრალდება (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.