ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის გადაწყვეტილება, მანდატების შენარჩუნების თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის გადაწყვეტილება, მანდატების შენარჩუნების თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

სიგიჟეა, აიძულო ადამიანს, გინდა თუ არა პარლამენტში იმუშავეო, – ასე აფასებს „მეტი თავისუფლება-გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის გადაწყვეტილებას, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელში საუბარია, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39-ე მუხლს და ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი ორგანოს არსს.

„დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება, რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად, მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება. საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა, არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა, აქ იმუშავეო“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ბათუმში პირადად შეიტანა.