ზურაბ ჯაფარიძე - ვიდრე ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება დიპლომატიური და მოზომილი, „ქართული ოცნება“ არაფერს დათმობს
ზურაბ ჯაფარიძე - ვიდრე ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება დიპლომატიური და მოზომილი, „ქართული ოცნება“ არაფერს დათმობს

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, როგორც წინა ჯერზე, მომლაპარაკებლებმა ვერც ამჯერად შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელთან დაკავშირებითაც  „ქართული ოცნება“ იტყოდა, რომ ხელს აწერდა.

ჯაფარიძის თქმით, სამწუხაროდ შეთანხმება ვერ შედგა, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„არ დაუჯეროთ არაფერს, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, რადგან რაც ისაუბრეს, მეტწილად ტყუილი იყო. მოლაპარაკებების პროცესი ამჯერადაც წარიმართა დაახლოებით იგივე სცენარით, რა სცენარითაც წინა მოლაპარაკების პროცესი, რომლის ბოლოსაც ბატონმა დანიელსონმა დაგვტოვა. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ტექსტთან მიმართებაში ოპოზიციას ჰქონდა პრინციპული პოზიცია, რასაც არ ეთანხმებოდა, ორ საკითხს. ეს ეხებოდა ხელახალი არჩევნების საკითხს და პოლიტპატიმრების თემას.

გარდა ამისა, იყო სამი საკითხი, რომელზეც „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა. ანუ, პრაქტიკულად ისევ და ისევ, როგორც წინა ჯერზე, მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელზეც „ქართული ოცნება“ იტყოდა, რომ ჩვენ ამ ტექსტს ვაწერთ ხელს. ეს გამოჩნდა მათ შორის აქაც, როდესაც კითხვები დავუსვით. აქაც გამოჩნდა, რომ ისინი ამ დოკუმენტზე ხელის მომწერი არ იყვნენ. სამწუხაროდ, ვერ მოხდა შეთანხმება და ცხადია, მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე“ ,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, სამი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია თანხმდებოდა, არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

„ამ შემთხვევაში ჩემს თავზე ვიტყვი და არა ზოგადად ოპოზიციაზე, რომ ჩემი აზრით, ის სამი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია თანხმდებოდა, არც ერთი არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მე არ მჯერა, რომ იქ დაწერილი ტექსტებით მართლა შეიძლება, რეალურად რამე შეიცვალოს მართლმსაჯულების სცენარში, ან ძალაუფლების განაწილების ნაწილი ჩემთვის საერთოდ საინტერესო თემა არ არის –  პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეობა და მსგავსი რაღაცები.

კომპრომისი იყო ის, რომ ამ ყველაფერზე თვალს ვხუჭავდი მაგალითად მე და ვიძახდი, რომ კარგი, ამას მოვაწერ ხელს. მათ შორის იყო ჩემთვის პრინციპული საკითხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ მთელი მოლაპარაკებების რაუნდები, ჯერ კიდევ პირველი რაუნდიდან მოყოლებული, როცა ელჩები აკეთებდნენ ფასილიტაციას, ვითხოვდი სრულად პროპორციულს, ბარიერის გარეშე ყველა არჩევნებს და ვერ მივაღწიე, რომ ასეთი ტექსტი ჩაწერილიყო, მაგრამ მზად ვიყავი, ამაზე თვალი დამეხუჭა. ასევე იყვნენ ჩემი კოლეგებიც მზად, სხვადასხვა საკითხზე თვალი დაეხუჭათ, თუ კომპრომისებზე არის საუბარი.

ჩემი აზრით, ჩვენს მეგობრებს დღემდე, მათ შორის პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესშიც უჭირავთ მცდარი პოზიცია, როდესაც ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ ორივე მხარეს და ორივე მხარეს მოუწოდებენ კომპრომისისკენ. მე არ მესმის, რას ნიშნავს კომპრომისი, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ან არჩევნების ჩატარებაზეა საუბარი, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, არ მესმის, ან არის სასამართლო დამოუკიდებელი, ან არის ბიძინასი. მად კომპრომისი სად გადის, არ ვიცი, ისევე როგორც არ მესმის, სად არის ჩემი პასუხისმგებლობა, როდესაც 8 წელია, ერთი პოლიტიკური ძალა არის ხელისუფლებაში. პრობლემები რომ არსებობს, ეს წერია შარლ მიშელის თითოეულ პუნქტში, რომ სასამართლო არის პოლიტიზებული, არ არის დამოუკიდებელი, რომ პოლიტიკური პატიმრები გვყავს და პოლიტიკური დევნაა. მე რანაირად ვარ ამაზე პასუხისმგებელი, გაუგებარია. ვიდრე ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება ასეთი, დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, მანამდე „ქართული ოცნება“ არ დათმობს არაფერს. ამაზე ვლაპარაკობ საჯაროდ და ეს დადასტურდა დღესაც“, – განაცხად ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „რატომ არ წერია დოკუმენტში რურუა“, – ჯაფარიძე პასუხობს, რომ „ოცნებას“ უთმობენ.

„იმიტომ არ წერია, რომ უთმობენ „ოცნებას“, უთმობენ „ოცნებას“, რადგან „ოცნება“ არ მოდის მაგაზე. ვიდრე ასეთი მოზომილი პოზიციით არიან, მანამდე ივანიშვილი არ დათმობს არაფერს, რადგან მას ესმის მხოლოდ ძალის ენა. ამას მარტო თქვენთან კი არ ვიძახი,  ამას ვეუბნები ჩვენს მეგობრებს პირშიც“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, კითვაზე, „როგორ გააძლიერებთ საერთშორისო ზეწოლას“, ჯაფარიძე პასუხობს: „ჩვეულებრივი, ბრძოლის ამბავია, როგორც საგარეო ფრონტზე, ისე ქვეყნის შიგნით. რაიმე გამზადებული რეცეპტი არ არის, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ვართ დიდი ლუპის ქვეშ ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან. მათ ძალიან ბევრი დრო, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული, რომ ამ ქვეყანაში აშენდეს დემოკრატია. მთელი წლების განმავლობაში გვხატავდნენ, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული რეგიონში, როგორც დემოკრატიის მშენებელი ქვეყანა და ახლა უცბად აღმოჩნდა, რომ დემოკრატიის მშენებელ ქვეყანაში არც ერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტი არ არსებობს, ყველაფერი არის ერთი კაცის ხელში და ეს ესმის ყველას. შესაბამისად, ყურადღება ისევ გაგრძელდება მათი მხრიდან, უბრალოდ, ჩემი აზრით, პრონციპულად შესაცვლელია ეს მიდგომა. მათ ღიად უნდა უთხრან „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენთან, დასავლეთში ასეთი არის სასამართლო, ასე ტარდება არჩევნები და ასეთი კრიზისის დროს, ზოგადად ხელახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. უტრირებენ იმას, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩადებული აქვთ ეს ინვესტიცია და ახლა უნდა გადაუსვან ამ ყველაფერს ხაზი და თქვან, რომ გაგვექცა სიტუაცია ხელიდან, აგერ, ერთი კაცის ხელშია ყველაფერი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

დატოვე კომენტარი