ზურაბ ჯაფარიძე - თუ დეპუტატები პარლამენტში შევლენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციამ ძალა უნდა გამოიყენოს
ზურაბ ჯაფარიძე - თუ დეპუტატები პარლამენტში შევლენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციამ ძალა უნდა გამოიყენოს

თუ დეპუტატები პარლამენტში შევლენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციამ უნდა გამოიყენოს ძალა და გაწიროს ადამიანები, რომლებიც ამ შენობის პიკეტირებას ახდენენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი იმყოფება.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, დეპუტატები პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევლენ, თუ აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნას შეასრულებენ.

„პარლამენტის პიკეტირება გრძელდება. მიზანი არის ის, რომ ამ შენობაში დეპუტატები შევლენ მხოლოდ ერთი პირობით, თუ ისინი უნდობლობას გამოუცხადებენ მთავრობას და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, რაც ამ აქციის მთავარი მოთხოვნაა.

ეს აქცია გაგრძელდება ხვალაც და ზეგაც. თუ ხვალ შევლენ დეპუტატები ამ შენობაში, ნიშნავს, რომ პოლიციამ უნდა გამოიყენოს ძალა და გაწიროს ადამიანები, რომლებიც პიკეტირებას ახდენენ ამ შენობის. ცხადია, მათ აქვთ ფიზიკური ძალა. თუ ეცდებიან, ამას გააკეთებენ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ აქცია არ გაგრძელდება”, – განაცხდა ჯაფარიძემ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დროისთვის პარლამენტის წინ რჩება. ადგილზე კარვებია გაშლილი და გასათბობად რკინის კასრებში შეშას წვავენ. გუშინდელი აქციის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს. აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან კარავი აქვთ გაშლილი.

აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული პროექტი საქართველოს პარლამენტში ჩავარდა. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

დატოვე კომენტარი