ზურაბ ჯაფარიძე - სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებზე საუბარი იყო გამოსავალზეც, ამ წუთისთვის ერთადერთი იმედის მომცემი ამბავია ის, რაც 8, 9, 10 მარტს თბილისში მოხდა
ზურაბ ჯაფარიძე - სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებზე საუბარი იყო გამოსავალზეც, ამ წუთისთვის ერთადერთი იმედის მომცემი ამბავია ის, რაც 8, 9, 10 მარტს თბილისში მოხდა

სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, „დროამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რა დროსაც სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტის შედეგებზე ისაუბრეს.

როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, შეხვედრებისას განხილვის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი იყო.

„სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრები გვქონდა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ნაწილში. ეს იყო ოპოზიციის პირველი ვიზიტი მარტის მოვლენების შემდეგ. ამიტომ საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა განწყობა დაგვხვდა ევროკავშირის შიგნით. ჩვენი შეხვედრების ძირითადი სადისკუსიო საგანი იყო კანდიდატის სტატუსი და კანდიდატის სტატუსის მიღების ალბათობა.

ორი ძირითადი მიმართულებაა, სადაც პრობლემებია. ერთი მიმართულება ეხება ღირებულებით ნაწილს, სადაც იგულისხმება, რომ სტრუქტურებში „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერ ხედავენ მზაობას, მოხდეს დემონსტრირება, რომ ჩვენ, საქართველო ვიზიარებთ იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ეს ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების სურვილს, პოლიტპატიმრების არყოლას ქვეყანაში, ასევე ქვეყანაში თავისუფალი მედიაგარემოს არსებობას. ამ ნაწილში ასევე პრობლემურია „ქართული ოცნების“ და მისი სატელიტების მხრიდან გაჩაღებული ანტიდასავლური პროპაგანდა.

პრობლემის მეორე ნაწილი ეხება საქართველოს პოზიციონირებას, გეოპოლიტიკურ პოზიციონირებას უკრაინის ომთან მიმართებით. ევროკავშირის რიგ სტრუქტურებში აქვთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, სად არის საქართველო ამ ომის დროს, ვის მხარეს არის. გვქონდა შეხვედრები, სადაც ასევე ღია ტექსტით გვითხრეს, რომ მათ გაარკვიეს, სადაც არის საქართველო და საქართველო არის უკრაინის მხარეს.

ასევე საუბარი იყო გამოსავალზეც. ამ წუთისთვის ერთადერთი იმედის მომცემი ამბავია ის, რაც მოხდა თბილისში 8, 9, 10 მარტს, როდესაც ხალხმა გამოხატა პროტესტი და ამ პროტესტით მიაღწია იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიხია უკან. აქ ხედავენ იმედს იქაც. მათთვის ძალიან ცხადია, რომ ქართველი ხალხის სურვილია, ეს ქვეყანა გახდეს ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი, მათ შორის ევროკავშირის და ნატო-ს. ასევე მათთვის საკმაოდ ცხადი გახდა, რომ საქართველოს მთავრობას ამისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.

ჩემი აზრით, ახლა მნიშვნელოვანია, წინსვლა იმავე ფორმულით, რა ფორმითაც მოხდა მოვლენების განვითარება მარტის დასაწყისში – ქვეყნის შიგნით სრული კონსოლიდაცია როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ცნობადი სახეების და ყველასი, ვისაც ადარდებს ამ ქვეყნის ბედი. პლუს ამასთან კომბინაციაში ცხადი და გასაგები გზავნილები, რომლებიც მაშინ მივიღეთ დასავლეთიდან.

ამ ფორმულით უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, ამ ფორმულით უნდა დავათმობინოთ ყველაფერი, რისი დათმობაც შესაძლებელია. საბოლოო ჯამში, გამოსავალი მაინც არის ხელისუფლების ცვლილებაში, რადგან შეიძლება, ზეწოლით და წნეხით, მათ შორის ქუჩიდან დავათმობინოთ რიგი რეფორმები, მაგრამ ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიციონირება და ანტიდასავლური პროპაგანდის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შედეგით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.