ზურაბ ჯაფარიძე - სავარაუდოდ, ივანიშვილსა და მაკრონს შორის საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში რაც ხდება, მიუღებელია საფრანგეთისთვის და ასე თუ გაგრძელდება, საფრანგეთი მიიღებს გარკვეულ ზომებს
სავარაუდოდ, ივანიშვილსა და მაკრონს შორის საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში რაც ხდება, მიუღებელია საფრანგეთისთვის და თუ ასე გაგრძელდება, საფრანგეთი მიიღებს გარკვეულ ზომებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძე ფიქრობს, რომ საუბარი იქნებოდა ამაზე და არაფერ სხვაზე.
„ურეკავს ივანიშვილს, რაც ნიშნავს, აღიარებს, რომ ამ ქვეყანაში რეალურად ვითარებას მართავს ივანიშვილი, რომელიც არის რუსი ოლიგარქი. სინამდვილეში, ამას აღიარებს მაკრონი, ესმის, რომ ძალაუფლება ამ ადამიანის ხელშია. თქვენი აზრით, რაზე დაურეკა, როგორ ხარ? ახალი წელი მიულოცა? ჩემი შეფასებაა, რომ ბოლო გაფრთხილება გაუკეთა, აუხსნა, რომ „დაერხევა“, თუ გააგრძელებს ისე, როგორც იქცევა ახლა. სხვა შეფასება შეუძლებელია, არსებობდეს. შობის მისალოცად რომ არ დაურეკავდა, ეს ხომ გასაგებია? ზოგადად, საფრანგეთი არის ევროპის ლიდერი ქვეყანა, რომელიც სულ უფრო და უფრო ცდილობს, ლიდერის როლი იკისროს ევროკავშირის შიგნით. სავარაუდოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში რაც ხდება – დემოკრატიული უკუსვლა, მიუღებელია საფრანგეთისთვის და თუ ასე გაგრძელდება, საფრანგეთი მიიღებს გარკვეულ ზომებს, შეიძლება, ევროკავშირის შიგნით ლიდერის როლიც ითამაშოს ამ ზომების მიღებასთან დაკავშირებით. მგონია, რომ საუბარი იქნებოდა ამაზე და არაფერ სხვაზე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „ქართული ოცნების“ ცნობით, მაკრონმა სურვილი გამოთქვა, ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილი შეიტანოს. ბიძინა ივანიშვილთან ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ელისეის სასახლემაც.