ზურაბ ჯაფარიძე - საქართველოში არიან პარტიები, რომლებსაც შეიძლება, ნაყარნუყარი დაუძახო, მანდ ვერ შევეკამათები არველაძეს, რევოლუციას რაც შეეხება, გაუძღვეს და ვნახოთ, ვინ გაჰყვება, მე არა
ზურაბ ჯაფარიძე - საქართველოში არიან პარტიები, რომლებსაც შეიძლება, ნაყარნუყარი დაუძახო, მანდ ვერ შევეკამათები არველაძეს, რევოლუციას რაც შეეხება, გაუძღვეს და ვნახოთ, ვინ გაჰყვება, მე არა

მოაწყოს რევოლუცია, გაუძღვეს ხალხს, ვნახოთ, თუ ვინმე გაჰყვება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრის, გიორგი არველაძის ფეისბუქ-სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველოში არიან პარტიები, რომლებსაც შეიძლება, ნაყარნუყარი დაუძახო, მანდ ვერ შევეკამათები, მაგრამ რევოლუციას რაც შეეხება, გაუძღვეს და ვნახოთ, ვინ გაჰყვება, მე არა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი არველაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. მისი შეფასებით, ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ოპოზიცია პოლიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობებისა და მანდატების გაყოფით არის დაკავებული. მას ოპოზიციისადმი რამდენიმე მოწოდებაც აქვს, მათ შორის მოუწოდებს, შეწყვიტონ „ვითომ ერთობის ტაკიმასხარობაში მონაწილეობა“. „დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ამ ვითომ ერთობის ტაკიმასხარობაში მონაწილეობა! ერთობა კარგია, მაგრამ მხოლოდ მათთან, ვინც შემოგიერთდებათ. ყველა ნაყარნუყართან და არარაობასთან ერთად ჯდომა და ღლიცინი სამარცხვინოა“, – წერს არველაძე. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება, არჩევნები აღარ არსებობს და საჭიროა რევოლუციისთვის მზადება. „არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი, თუ რევოლუციისთვის იქნებით მზად“, – წერს არველაძე სოციალურ ქსელში.