ზურაბ ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ აწყობს, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, თუ მართლა მოტივირებულები არიან, რომ ქვეყანა ჭაობიდან ამოვიდეს
ზურაბ ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ აწყობს, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, თუ მართლა მოტივირებულები არიან, რომ ქვეყანა ჭაობიდან ამოვიდეს

„ქართულ ოცნებას“ აწყობს, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, თუ მართლა მოტივირებულები არიან, რომ ქვეყანა ამოვიდეს ჭაობიდან, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

„მოლოდინი მაქვს, რომ გააუქმებენ მანდატებს, მათ შორის, ჩემს მანდატს, რადგან თვეზე მეტი გავიდა, რაც განცხადება შევიტანე პარლამენტში. ამ წუთში ჩემი სამოქმედო გეგმა არის ის, რომ ყველანაირად ვცდილობ, ქვეყანა გაიხსნას, მათ შორის, საპროტესტო აქციებით, რომ მოიხსნას ყველა ის შეზღუდვა, რომელიც არის დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს აწყობს, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, თუმცა მათი მცდელობები ფოკუსირებულია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებიდან ვინმე „პარლამენტში შეიტყუონ“.

„ქართულ ოცნებას“, ჩემი აზრით, აწყობს, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, თუ ისინი მართლა მოტივირებულები არიან, რომ ეს ქვეყანა ამოვიდეს ჭაობიდან. სამწუხაროდ, რასაც ეს პერიოდი ვხედავთ, არის ის, რომ მათი მცდელობები ფოკუსირებულია მხოლოდ იმაზე, რამენაირად ვინმე შეიტყუონ პარლამენტში, რომ მრავალპარტიული პარლამენტის სურათი დახატონ“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, არავის საქმე არ არის, ის მანდატზე უარს იტყვის თუ არა.

„ჩემი აზრით, არავის საქმე არ არის, მე მანდატს გავიუქმებ თუ არა. არავის არ აქვს უფლება, დამაძალოს სადმე მუშაობა, პარლამენტი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა უწყება. ჩემი ნებაა, სადმე ვიმუშავებ თუ არა. ამ პარლამენტზე ოფიციალური განცხადებით მაქვს ნათქვამი უარი“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო მანდატის დათმობის შესახებ განცხადებას თუ არ დაუკმაყოფილებენ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

დატოვე კომენტარი