ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებულია წინადადება, რომელიც არ არღვევს ხელისუფლების წითელ ხაზს და შეიძლება გამოსავალი იყოს როგორც მათთვის, ისე ოპოზიციისა და ქვეყნისთვის
ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებულია წინადადება, რომელიც არ არღვევს ხელისუფლების წითელ ხაზს და შეიძლება გამოსავალი იყოს როგორც მათთვის, ისე ოპოზიციისა და ქვეყნისთვის

ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებულია წინადადება, რომელიც არ არღვევს ხელისუფლების წითელ ხაზს, შეიძლება გამოსავალი იყოს როგორც მათთვის, ისე ოპოზიციისა და ქვეყნისთვის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მას მოლოდინი აქვს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებას პასუხი გაეცემა.

„მეორე რაუნდი დასრულდა იმით, რომ ხელისუფლება მოვიდა და თქვა, რომ მათთვის არსებობს რაღაცა წითელი ხაზი. ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებულია გამოსავალი, რომელიც არ არღვევს მათ წითელ ხაზს და გამოსავალი შეიძლება იყოს როგორც მათთვის, ისე ოპოზიციისთვის და პირველ რიგში, ქვეყნისთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს. თან ეს გამოსავალი არ არის ექსტრაორდინალური რაღაცა, ეგეთი გამოსავლები პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის გამოიყენება ყველა განვითარებულ ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი მსგავსი კონსტიტუციით არის საპარლამენტო რესპუბლიკა.

შესაბამისად, უნდა მოვიდნენ და თქვან, რომ ამაზე თანახმა ვართ, ან შეიძლება, მოვიდნენ და თქვან, რომ ამაზე თანახმა ვართ, ოღონდ რაღაც პირობების შემთხვევაში და რაღაცა პაკეტი შეიძლება შეიკრას. ასევე, შეიძლება, მოვიდნენ და თქვან: „არა და წერტილი“. შეიძლება  მოვიდნენ და თქვან „არა“, მაგრამ შემოგვთავაზონ ალტერნატიული წინადადება. მოლოდინი მაქვს, რომ შემდეგ რაუნდზე ხელისუფლებისგან ამას რაღაცნაირად პასუხი გაეცემა. ახლა ამ რეჟიმში ვართ. ოპოზიციის მხრიდან ახალი არაფერია.“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან დღეს დილიდან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს. ის  შეხვდა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შალვა ნათელაშვილს, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძესა და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს ირმა ინაშვილს.

მოგვიანებით, „ლელოსთან“ და „გირჩთან“ შეხვედრებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც შეუერთდა.