ზურაბ ჯაფარიძე – ოფისებიდან ამოღებული ნივთები კანონსაწინააღმდეგო არ არის, გავრცელებული კადრები, სადაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ჩანს, დადგმულია
რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და სამოქალაქო ორგანიზაციის ოფისებიდან ამოღებული ნივთები კანონსაწინააღმდეგო არ არის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, შსს-ს მიერ გავრცელებული კადრები, სადაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ჩანს, დადგმულია.
„არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. დაარბიეს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისი და რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის ოფისი. რაც ამოიღეს, ყველაფერი, რაც ვნახეთ, არაფერი არ არის კანონსაწინააღმდეგო. ერთადერთი, რაც კანონსაწინააღმდეგო თქვეს, „მოლოტივის კოქტეილი“ იყო, რაც ტყუილია. „მოლოტივის კოქტეილი“ არსად ყოფილა. კადრებიდან ჩანს, რომ მათი დადგმული ძველი ბორჯომის ბოთლებია და შიგნით ჩატენილი რაღაც ჩვრები. „მოლოტოვის კოქტეილი“ ეგრე არ მზადდება. მას თუ ამზადებ ბოთლში, ჯერ სითხე ისხმება და სულ ბოლოს უკეთებ ნაჭერს, ცარიელ ბოთლებში ნაჭრებს არავინ არ ტენის და ასე არ ალაგებს. თვითონაც იცოდნენ, რომ ყველაფერი, რაც ამოიღეს, არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ იყო, ამიტომ რაღაც უნდა დაემატებინათ და „მოლოტოვის კოქტეილი“ დაამატეს. თავიანთ ტვინგამორეცხილ მხარდამჭერებს დააჯერებენ, რომ ვიღაცები „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებენ.
პასუხისგებაში შეიძლება მისცე ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი მიზეზით. ჩვენ რუსული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ. ამიტომ შეიძლება ნებისმიერი პოკიტიკისი და აქტივისტი დაიჭირონ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ისე, როგორც რუსეთში ხდება. რაღაც საქმეს შეთითხნიან, რაღაცას გააფორმებენ. ამის მზაობა უნდა გქონდეს. გასაგები ამბავია, რომ ჩვენ მაგ მიმართულებით მივდივართ. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ, საბოლოო ჯამში, რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ცხადია, ყველა ადამიანი გათავისუფლდება. ყველაფერი ჯერ გაუარესდება იქამდე, ვიდრე არ გადავტეხავთ, არ მოვიგებთ და ამათ არ გავუშვებთ, მანამდე ვითარების გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.