ზურაბ ჯაფარიძე მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს
ზურაბ ჯაფარიძე მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ ხელს მოაწერს მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს.

„ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს სამი რამის გამო:

1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები;

2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს;

3. არის შანსი, შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა;

– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა.

– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება.

– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო.

– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე.

– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეყანაში.

– არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი და ოცნება ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ.

რისიც მჯერა არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა. ეს ქვეყანა არ გახდება თურქმენეთი, არასდროს.

ასევე ჩემი ეს გადაწყვეტილება, იმედი მაქვს, მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე.

ვაპირებ, ეს დავა ბოლომდე მივიყვანო. მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მივიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში.

და ბოლოს: მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში. განსაკუთრებით აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში. არ მგონია, ბოლომდე გვქონდეს გააზრებული, რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს

ხელს ვაწერ სამი რამის გამო:

1. ახალ დოკუმენტში დევს…

Posted by Zurab Girchi Japaridze on Monday, April 19, 2021