ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის სამმართველოში აქციაზე დაკავებული 16 პირია გადაყვანილი, მათ შორს იყო ჯაფარიძეც. ასევე, სამმართველოში არიან –  ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე.

„დაკავების ოქმში რაც ჩაწერეს არის იგივე მუხლები, რისთვსაც არაერთხელ ვარ დაკავებული. დამაკავეს 166-ე და 173-ე მუხლებით, ეს არის ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა. ამიყვანეს პოლიტიკურ აქციაზე, ეს დაკავება ცალსახად პოლიტიკურია. ჩვენ ვახდენდით ჩიტაძის ქუჩაზე პარლამენტის წინა შესასვლელის პიკეტირებას, როდესაც დაიძრა სპეცდანიშნულების რაზმი, დავსხედით ქვაფენილზე. სპეცდანიშნულების რაზმმა დაიწყო ჩვეულებრივი გადავლა, რა დროსაც, მე ვეხმარებოდი ადამიანებს ფეხზე წამოდგომაში. ამის შემდეგ ერთადერთი, რისი საშუალებაც იყო, ფიზიკური ძალით დაგვეკავებინა სპეცდანიშნულების რაზმი, რომ ადამიანები არ გაეჭყლიტათ, რასაც მეც ვაკეთებდი. ვაკავებდი ერთ-ერთ სპეცრაზმელს. გამათავისუფლეს ხელწერილით ალბათ იმიტომ, რომ პოლიტიკური ფიგურა ვარ, მეეჭვება დაკავებულების დანარჩენ ნაწილი დღეს გაათავისუფლონ, მათ ალბათ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუწევთ ღამის გატარება. დამაწერინეს ხელწერილი, თუ საგამოძიებო ორგანოები დამიძახებენ გამოვცხადდები“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

შსს-ის ინფორმაციით, სამინისტრომ დღეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა.