ზურაბ ჯაფარიძე ჯარიმის გადახდას არ აპირებს
ზურაბ ჯაფარიძე ჯარიმის გადახდას არ აპირებს

მე გავასუფთავებ ჩემ ანგარიშებს და სახელმწიფო ვერცერთ ლარს ვერ წაიღებს. მათ დარჩებათ ერთი გზა- ჩემს საკუთრებაში არსებული ბინა, რომელშიც ცხოვრობენ ჩემი მშობლები. პირობას ვაძლევ სახელმწიფოს, რომ ამ სახლს ისინი ვერ გაყიდის და ჩემ მშობლებს გარეთ ვერ გამოყრის. ამის შესახებ გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს. ზურაბ ჯაფარიძე ჯარიმის, 2000 ლარის გადახდას არ აპირებს და  იმ პოლიციელების და მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს, ვინც სასამართლოში ცრუ ჩვენებებს იძლევიან.

როგორც გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, სახელმწიფოს აღნიშნული ჯარიმის იძულებით ამოღება მოუწევს.

„გუშინ დამაჯარიმეს 2000 ლარით, ჩემი ორი მეგობარი კი ჩასვეს ციხეში. 10 დღეში იაგო და ვახო არ შეიცვლებიან, გამოვლენ ისეთები, როგორებიც შევიდნენ. პრობლემა იმაში არ არის, რომ სისტემა​გირჩს” ერჩის , პრობლემა იმაშია, რომ ეს სისტემა წლების განმავლობაში ებრძვის ხალხს და არის უხეში, ეს განვიცადეთ საკუთარ თავზე. ჩვენ ვნახეთ, რომ სისტემამ შეიწირა ადამიანები, ამ სისტემის მსხვერპლი იყო  სამტრედიაში სტურუა, სისტემა ახლა მოგვადგა ჩვენც”,- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ყველაფერს გააკეთებს, რომ ცილის მწამებლები დაისაჯონ. ჯაფარიძე ბოდიშს უხდის ოჯახს იმის გამო, რომ ისინი ვიდეოდან გაიგებენ მის გეგმებს.

„ამ საქმეს მივყვები ბოლომდე. ჩემი მიზანი არ არის დაისაჯოს დაბალი რგოლი, უბრალო პოლიციელები. ჩემი მიზანია დაისაჯოს ის, ვინც იძლევა ამ ბრძანებებს, აუცილებლად მივაღწევ , რომ ეს ხალხი დაისაჯოს, ყველა ინსტანციას მოვივლი.” – აღნიშნავს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩის“ წევრებს იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა, ხოლო ზურაბ ჯაფარიძეს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მ.ს. ნარკოტიკებს ასაღებდა. შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, ის თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს. პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრებმა, რის შემდეგაც „გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დააკავეს.