ზურაბ ჯაფარიძე - იარაღი ჩემთვის თავდაცვის საშუალებაა, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუ განმაიარაღებთ, ალეგალურად ვიშოვი იარაღს და თავს დავიცავ
იარაღი ჩემთვის თავდაცვის საშუალებაა, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუ განმაიარაღებთ, ალეგალურად ვიშოვი იარაღს და თავს დავიცავ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოში გამართულ საქმის განხილვაზე განაცხადა.
შსს ჯაფარიძისთვის იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით ითხოვს.
საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადმინისტრაციული საქმის განხილვა გაიმართა. სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავება 2 დეკემბერს თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. როგორც შსს წარმომადგენელმა განაცხადა, ჯაფარიძე გზას ხელოვნურად კეტავდა და იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, დაკავება კი ამის გამო მოხდა. ასევე სხდომაზე შსს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავების შემდგომი დათვალიერებისას აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჯაფარიძეზე იყო რეგისტრირებული. მარიამ კერესელიძის თქმით, შეკრება მანიფესტაციის დროს პიროვნებას იარაღი არ უნდა ჰქონდეს. აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით ყოფნა პროცესზე დაადასტურა ჯაფარიძემაც.
„იარაღს წლებია, ვატარებ და იმის ფონზე, რომ ჩემი პარტიის წევრებს რკინის ხელკეტებით ფიზიკურად უსწორდებიან, ასევე მეც ჩამისაფრდნენ 3-4-ჯერ, იარაღი ჩემთვის თავდაცვის საშუალება. იარაღი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვიცი, როდის და როგორ გამოვიყენო, მიუხედავად იმისა, აღვნიშნავ, რომ 2-ჯერ გამოვიყენე, არავინ დაშავებულა. იარაღს ვატარებ წლებია. გამოძიება არცერთ ჩასაფრების შემთხვევაზე არ მომხდარა და არავინ დაუკავებიათ. იარაღის ტარების უფლების შეზღუდვა ნიშნავს, რომ მე აუცილებლად მომიწევს ეს შეზღუდვა დავარღვიო, რადგან მე ოჯახის და თავის დაცვა მომიწევს. იმ დღეს ხან აქციაზე ვიყავი, ხან ოფისში, ხან ჟურნალისტებს ვესაუბრებოდი, იარაღს ვერსად დავტოვებდი, ტანზე უნდა მქონდეს. ვერ დავტოვებდი იარაღს ვერც მანქანაში და ვერც ოფისში. როცა დამაკავეს მე თავად ვუთხარი, რომ იარაღი მქონდა და თავად გადავეცი პოლიციას აღნიშნული იარაღი. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე შეიძლება სამჯერ მოვხდე დღეში აქციაზე, მივიდე ტელევიზიაში, შევხვდე ელჩებს. იარაღი არ არის სათამაშო, რომ გავიდე სახლში დავტოვო ან ოფისში დავტოვო. იარაღი ან მე მაქვს ტანზე ან სახლში სეიფში არის ჩაკეტილი. იარაღით შევდივარ ტელევიზიაშიც და სულ. მე არ მიცავს პოლიცია და არ მაქვს სხვა თავდაცვის საშუალება. თუ განმაიარაღებთ, აქვე ვიტყვი, რომ არალეგალურად ვიშოვი იარაღს და თავს დავიცავ“,- აღნიშნა სასამართლო პროცესზე ზურაბ ჯაფარიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აქციაზე იარაღით იმყოფებოდა. უწყება ჯაფარიძისთვის იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით ითხოვს. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2 დეკემბერს დააკავეს. სასამართლო გადაწყვეტილებას 27 დეკემბერს 14 საათზე გამოაცხადებს.