ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩის“ ამომრჩეველი ისეთ პრეზიდენტს ელოდება, რომელიც რაღაცებს აურ-დაურევს და ვიღაცებს ნერვებს მოუშლის
ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩის“ ამომრჩეველი ისეთ პრეზიდენტს ელოდება, რომელიც რაღაცებს აურ-დაურევს და ვიღაცებს ნერვებს მოუშლის

„გირჩის“ ამომრჩეველი ისეთ პრეზიდენტს ელოდება, რომელიც რაღაცებს აურ-დაურევს და ვიღაცებს ნერვებს მოუშლის, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება – “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ პირველი არხზე „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

„ის ნერვებს მოუშლის ხელისუფლების ყველა შტოს და ამ ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა ინსტიტუტებს, რომლებიც ფარისევლობით და ტყუილებით არიან გაჟღენთილი. ის გამოავლენს და ადამიანებს დაანახებს ბევრ სიმართლეს, რაც დღეს დამალულია; მებრძოლი იქნება, იომებს, იჩხუბებს და რაღაცებს გააფუჭებს, რომ არსებული სისტემა დაშალოს, რათა მის ადგილას რაღაც ახალი შეიქმნას. „გირჩის“ ამომრჩეველი არის ის ამომრჩეველი, ვისაც ყელში აქვს ამოსული რეალობა და ფარისევლობა, რაშიც ქვეყანა ცხოვრობს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, „გირჩი“ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში ერთადერთი არასისტემური მოთამაშეა, ყველა დანარჩენი კი, ამ არსებული სისტემის ნაწილია, ამით იკვებებიან და იბრძვიან, რათა ამ სისტემის შიგნით ბევრი ბენეფიტი მოიპოვონ.

„გირჩი“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც რეალურად, ამ სისტემის დაშლისთვისაა შექმნილი. ეს ჩანს ჩვენ ქმედებებში, რიტორიკაში და ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, 28 ოქტომბერს პირველი არჩევნებია, რომელშიც „გირჩი“ მონაწილეობს და მათ პირველად აქვთ შანსი, გაზომონ, რამდენი ადამიანია ქვეყანაში, ვისაც თავისუფლების იდეის სჯერა და მისთვის იბრძვის.

„მე და ჩემმა მეგობრებმა ორი წელი დავხარჯეთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლების იდეისთვის ხორცი შეგვესხა. გვესმის, რომ ბევრი მხარდამჭერი გვყავს, მაგრამ მართლა გულწრფელად გვაინტერესებს, რამდენი ვართ, რათა ამ არჩევნების შემდეგ ვიცოდეთ, რამდენი ადამიანის სახელით ვლაპარაკობთ და ბრძოლას რა რაოდენობის ადამიანთან ერთად ვაგრძელებთ. ასევე, გვინდა, ვიცოდეთ, რასაც ვაკეთებთ, სწორად ვაკეთებთ, თუ არა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.