ზურაბ ჯაფარიძე - ფილიპ რიკერის მხრიდან იყო შემოთავაზება, ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით ვცადოთ ბრძოლის გაგრძელება, ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს
ზურაბ ჯაფარიძე - ფილიპ რიკერის მხრიდან იყო შემოთავაზება, ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით ვცადოთ ბრძოლის გაგრძელება, ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს

ფილიპ რიკერის მხრიდან იყო შემოთავაზება, ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელებაო, ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ფილიპ რიკერთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ამაზე იყო საუბარი, რა ხედვა, რა სამოქმედო გეგმა გვაქვს. ძირითადი შინაარსი იყო ეს, თუმცა მან საკუთარი ხედვები და პოზიციების გაგვიზიარა. არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა, ეს შეუძლებელიცაა, თუმცა მისი მხრიდან შემოთავაზება იყო, ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელებაო, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს, შესაბამისად იქ, სადაც შეიძლება მუშაობდეს, მაგალითად სასამართლო, საარჩევნო კომისია, მსგავსი ინსტიტუტები, საქართველოში ასეთი არ არსებობს და ამიტომ, ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა. ასე ავუხსენით ზუსტად“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც შეეხო.

„შევეხეთ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს და იმას, რომ ახლა ველოდებით მესამე რაუნდს, სადაც ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. პარლამენტში შესვლა ამ რეალობაში შეუძლებელია. არც ერთი პარტია არ შევა. გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც შეიძლება მიღწეული იყო იმ მოლაპარაკებების მაგიდაზე, რომელსაც მოდერაციას ამერიკის და ევროკავშირის ელჩები უკეთებენ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ და ვერც ვხედავ შანსს, რომ რამე სხვა გამოსავალი მოვიდეს. გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება. ერთია საჯარო განცხადებები და მეორე, რა ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი