ზურაბ ჯაფარიძე - ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და გვგონია, რომ ეს არის სწორი გზა
ზურაბ ჯაფარიძე - ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და გვგონია, რომ ეს არის სწორი გზა

ჩვენ ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და გვგონია, რომ ეს არის სწორი გზა, – ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, საქართველოს დღეს ყავს უზურპატორი ხელისუფლება და ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც მიიტაცეს არჩევნები და წაართვეს ქართველ ხალხს არჩევანი.

„ჩვენ გყავს უზურპატორი ხელისუფლება, გვყავს ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც მიიტაცეს არჩევნები და წაგვართვეს არჩევანის უფლება. ჩემი დამოკიდებულება დღევანდელი რეალობისადმი არის მარტივი – ჩემი აზრით, პოლიტიკური პროცესი არის ის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და რითიც შეუძლია, იმით შეეწინააღმდეგოს არსებულ სისტემას, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსული ტიპის ავტოკრატიას. ჩვენ ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და გვგონია, რომ ეს არის სწორი გზა. ამჯერად, კოალიციურ რეჟიმში ვაპირებთ, რომ ერთობლივად გავმართოთ რამდენიმე წერტილში დემონსტრაცია, რაც ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა. ერთ მხრივ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს დავანახოთ, რომ შეუძლებელია შეგუება იმ სისტემასთან, რა სისტემაშიც გვაიძულებენ, რომ ვიცხოვროთ და მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთ, ჩვენ მეგობრებს დასავლეთში დავანახოთ, რომ აქ არ არის ნორმალური ვითარება. შეუძლებელია, უზურპატორმა გააგრძელოს ცხოვრება ისე, თითქოს არაფერ ხდება, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ღირსების მქონე ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან ამ რეალობას. ჩვენთვის პარასკევს დაგეგმილი სამივე მსვლელობა არის მნიშვნელოვანი და ვუერთდებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.