ზურაბ ჯაფარიძე - ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოდიოდეს, თუ მართლა გვინდა, ხელისუფლებამ შეზღუდვები მოხსნას, აქციაზე ყველა სფეროს წარმომადგენელია, მაგრამ ცოტა არიან
ზურაბ ჯაფარიძე - ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოდიოდეს, თუ მართლა გვინდა, ხელისუფლებამ შეზღუდვები მოხსნას, აქციაზე ყველა სფეროს წარმომადგენელია, მაგრამ ცოტა არიან

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება რომ მიიღოს, აქციაზე ბევრად მეტი ადამიანი უნდა იყოს წარმოდგენელი.

ჯაფარიძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე ყველა სფეროს წარმომადგენელია მისული, თუმცა მცირე რაოდენობით, რაც რეალურად  პრობლემაა.

„ჩემი აზრით, დღეს საკმარისი რაოდენობაა მოსული იმისთვის, რომ გაიგონ, ამ ქვეყანაში არის გაბრაზებული ხალხი, მაგრამ რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და შეზღუდვები მოხსნას. გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იდგეს აქ, ბევრად მეტი ადამიანია დღეს ქვეყანაში, ვინც გამწარებულია ამ შეზღუდვებით, მიუხედავად ამისა, ან ფიზიკურად ვერ ახერხებენ მოსვლას, ან არ ვიცი რაღაც მიზეზების გამო არ თვლიან, რომ უნდა გამოვიდნენ და გააპროტესტონ. ზოგს პარტიებთან ერთად დადგომა არ უნდა, ზოგს ცივა, ზოგი საქეიფოდ არის, ეგ არის პრობლემა. ბევრად მეტი ხალხი უნდა გამოდიოდეს, თუ მართლა გულწრფელად გვინდა, ხელისუფლებამ ეს შეზღუდვები მოხსნას. თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, ეს დაარტყამს ყველას. ყველა სფეროს წარმომადგენელია, უბრალოდ  ცოტა არიან. აქ არის 50 ადამიანი, რომელიც  მოსულია კომბინიზონებით, თხილამურებით, ჩაფხუტებით და სათვალეებით, არ მჯერა, რომ 50-ზე მეტი ადამიანი არაა ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა გუდაურზე ასვლა, თხილამურებზე სრიალი, დანარჩენი სხედან სახლში და უყურებენ, იქნებ რამე შეიცვალოს. აქ იქნება ალბათ 50 რესტორნის წარმომადგენელი, როცა ქვეყანაში ათასობით რესტორანია, დანარჩენი სხედან და ელოდებიან, რომ იქნებ, ამათ რამე მიაღწიონ, რომ შემდეგ იმათაც ისარგებლონ, ესე არის ყველა სფერო, ეგ არის პრობლემა. ამ აქციის გამო არ დაიხევს ხელისუფლება უკან, მაგრამ ჯამში მაინც მოუწევთ. ეს არის პირველი გამაფრთხილებელი აქცია, პირველად მოხდა ყველა სფეროს ერთად ასე დაორგანიზება, რამდენად ვიცი, ეს ადამიანები აპირებენ, პროტესტი გააგრძელონ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს.