ზურაბ ჯაფარიძე - არსებობენ ოპოზიციის კანდიდატები, რომლებსაც „გირჩის“ ამომრჩევლები არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერენ მხარს, ასეთია, მაგალითად, გრიგოლ ვაშაძე
ზურაბ ჯაფარიძე - არსებობენ ოპოზიციის კანდიდატები, რომლებსაც „გირჩის“ ამომრჩევლები არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერენ მხარს, ასეთია, მაგალითად, გრიგოლ ვაშაძე

„გირჩის“ ამომრჩეველი არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, რომელსაც იმდენი სისულელე და შეურაცხმყოფელი რაღაცები აქვს ნათქვამი კონკრეტულად „გირჩის“ ამომრჩეველთან მიმართებაში, რომ ისინი მას უბრალოდ მხარს არ დაუჭერენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, „გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას.

„ვაპირებდი, ვაკეში მეყარა კენჭი, მაგრამ ვიცი, ვაკეში ადრე განიხილებოდა ელენე ხოშტარიას კანდიდატურა. მისი კანდიდატურა თუ იქნება ვაკეში, წავალ და ყველანაირი მორალური პრობლემის გარეშე, სიხარულით შემოვხაზავ. მხარს დავუჭერ ელენეს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საკითხებზე განსხვავებული ხედვები გვაქვს. ისეთი კანდიდატები უნდა შეირჩნენ, რომ მიიღონ მხარდაჭერა სხვა ოპოზიციური ელექტორატის. არსებობენ კანდიდატები, რომლებსაც „გირჩის“ ამომრჩეველი არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს, ასეთია, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც იმდენი სისულელე და შეურაცხმყოფელი რაღაცები აქვს ნათქვამი კონკრეტულად „გირჩის“ ამომრჩეველთან მიმართებაში, რომ ისინი მას უბრალოდ მხარს არ დაუჭერენ. ასეთი ხალხი არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა პარტიაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ასეთი ნეგატივი არ აქვთ. თუ ისინი, პირველ რიგში, დაადასტურებენ, რომ დაუჭერენ მხარს იმ ხედვებს და იდეებს, რომლისთვისაც „გირჩი“ იბრძვის, მაშინ მათ აქვთ შანსი, მოიპოვონ „გირჩის“ ამომრჩევლების მხარდაჭერა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას.