ზურაბ ჯაფარიძე - არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ხდება ის, რასაც ველოდით, პროკურატურა ჩემს პატიმრობას ითხოვს
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ხდება ის, რასაც ველოდით, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო საათები იწურება, სასამართლოს სხდომა აუცილებლად გაგრძელდება.
„მოსამართლემ ჩვენ მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ყველა შუამდგომლობას, რომელსაც ისინი აყენებენ, აკმაყოფილებს. კიდევ გვაქვს შუამდგომლობები, ერთ-ერთია გირაოს გაუქმებაზე. არ გაჟღერებულა ჯერ, მაგრამ ფურცლებზე წავიკითხეთ, რომ ისინი პატიმრობას მოითხოვენ. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ხდება ის, რასაც ველოდით. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. წულუკიანზე დაყენებული შაუმდგომლობა არ დაკმაყოფილდა, წულუკიანამდე ვერ მიდის ეს ამბავი, ვერ ბედავენ, აქვე ამბობენ უარს. სასამართლოს სხდომა აუცილებლად გაგრძელდება. ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ გადადებენ, აღარ უნდათ მეორედ საპოლიციო ძალების მობილიზება. ამ პოლიციელებმა და მოსამართლეებმაც იციან, რომ დღეს უნდა გადაწყვიტონ. ამ ხალხის მეორედ მობილიზების უნარი თუ თავი აღარ აქვთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით და, პირველ რიგში, რუსთაველზე გასვლით.
„მთავარი ადრესატები ის ადამიანები არიან, ვინც რუსთაველზე გადიოდნენ და ახლა სახლში არიან. რუსთაველზე სიარული არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ქვეყანას გარედან რომ შეხედავენ, წინააღმდეგობა უნდა ჩანდეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.