ზურაბ ჯაფარიძე - არ ვიცი, რა არის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის შინაარსი, სურვილი თუ ექნება, შევხვდები, რათა მეტი გავიგო და შემდეგ ვიტყვი, გამოვა თუ არა რამე აქედან
ზურაბ ჯაფარიძე - არ ვიცი, რა არის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის შინაარსი, სურვილი თუ ექნება, შევხვდები, რათა მეტი გავიგო და შემდეგ ვიტყვი, გამოვა თუ არა რამე აქედან

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს თუ სურვილი ექნება, შეხვდება, რათა უკეთ გაიგოს შინაარსი მის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნას გულისხმობს.

ზურაბ ჯაფარიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი პარლამენტში გამოსვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტისგან სწორი გზავნილები მოისმინა.

„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან ბევრი სწორი გზავნილი მოვისმინე, მათ შორის ის, რომ ღიად დაიწყო დასახელება, ვინ არის პასუხისმგებელი პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. ივანიშვილს დაადო ხელი, პირდაპირ ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყანა უკან მიდის რუსეთისა და წარსულისკენ.

ამ ინიციატივის შესახებ არ ვიცი, რა არის შინაარსი. შეხვედრის თაობაზე არანაირი პრობლემა არ მაქვს, შევხვდები, შინაარსი თუ გავიგე, საით შეიძლება, წავიდეს ეს პროცესი, დავეთანხმები, მე პრობლემა არ მექნება. სურვილი თუ ექნება, შევხვდები, დაველაპარაკები, რათა მეტი გავიგო და შემდეგ გეტყვით, გამოვა თუ არა რამე აქედან. პირადად ზურაბიშვილთან ბევრი მაქვს სალაპარაკო. ერთ-ერთი თემა იქნება საარჩევნო პროცესში ემიგრანტების ჩართულობა. აქ არის კონკრეტული რაღაცები, რაშიც შეიძლება, დაგვეხმაროს, დაეხმაროს ემიგრანტებს, პროცესს, რათა ასობით, ათასობით ადამიანს, რომელიც ქვეყნის გარეთ იმყოფება, მარტივად მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. რამდენჯერმე გააკეთა უკვე ამაზე განცხადება და შემიძლია, კონკრეტული ნაბიჯები შევთავაზო, რაში შეიძლება დახმარება, რაში შეიძლება, შეასრულოს ისეთი როლი, რომელსაც მე ვერ ვიზამ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის““.