ზურაბ ჯაფარიძე - არ მიყვარს ტყუილები და ფარსში მონაწილეობა, ამიტომ არ მივდივარ 10 ივნისის აქციაზე
ზურაბ ჯაფარიძე - არ მიყვარს ტყუილები და ფარსში მონაწილეობა, ამიტომ არ მივდივარ 10 ივნისის აქციაზე

„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 10 ივნისის აქციას ფარსს უწოდებს და აცხადებს, რომ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ეს არ არის ოპოზიციის ნაწილი. სინამდვილეში საუბარია ერთკაციან პარტიებზე და არის თავიდან ბოლომდე ფარსი, თითქოს არის რაღაც გაერთიანება. მე არ მიყვარს ტყუილები და ფარსში მონაწილეობა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც არ მივდივარ აქციაზე. პარტიებს ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული რომ ტრიბუნაზე რაღაცეების ყვირილი და მათ შორის სპექტაკლი, რომელიც იმ ღამით მოაწყვეს, პირიქით აფრთხობს ადამიანებს”,-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პირველ არხთან საუბრისას და აღნიშნა, რომ „გირჩი” სოლიდარულია შვილმოკლული ადამიანისადმი, თუმცა მსგავსი სპექტაკლები საბოლოო ჯამში ამ ადამიანის მიზნებს ვნებს.

„ეს უნდა ყოფილიყო იმ ადამიანის აქცია რომელიც ეძებს სამართალს და მე სამი დღე დავდიოდი და იქ ვიდექი , მაგრამ როგორც კი ეს ყველაფერი იმ ღამით გადაიზარდა ფარსში და დადგმულ სპექტაკლში, მათ შორის თავის შეძახილებით, რომ ახალი „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო” შეიკრიბა და ახალი ეროვნული მოძრაობა დაიქოქა. ეს ყველაფერი არის ბლეფი და საბოლოო ჯამში  მხოლოდ და მხოლოდ ვნებს იმ ადამიანის მიზნებს, ვისაც უნდა სამართლის პოვნა და იმ კონკრეტული ადამიანების დასჯა, ვინც მისი შვილი მოკლა და ვინც ხელს აფარებდა მკვლელებს. ამ მიზნის მიღწევას ართულებს ის, რასაც ეს პარტიები აკეთებენ, უფრო სწორად ერთი პარტია აკეთებს და მასთან აფილირებული ერთკაციანი ვითომ პარტიები”,-განაცხადა მან.