ზურაბ ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

10:36, 17.10.2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ზურაბ ჯაფარიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

საუბარია შემდეგ მუხლებზე: 32 – ადმინისტრაციული პატიმრობა; 33 – ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სახდელის დადების ზოგადი წესი; 233- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე; 236 – მტკიცებულებანი; 237 – მტკიცებულებათა შეფასება; 240 – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი; 264 – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსაკვლევი გარემოებანი;  266 – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება.

საია-ში განმარტავენ, რომ გასაჩივრებული მუხლების შინაარსი, რომელიც გულისხმობს სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევის განხილვასა და გადაწყვეტას სათანადო საპროცესო გარანტიების გარეშე, როგორიცაა: მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილება, უტყუარი მტკიცებულებები, უდანაშაულობის პრეზუმფცია და მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველსა და მეხუთე პუნქტებს, ასევე მე-40 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებს.

საია-ს წარმომადგენელთა თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც დღემდე მოქმედებს და მისი გამოყენებით ყოველდღიურად არაერთი პირის უფლებები იზღუდება.

 

მსგავსი