ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს

„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღეს საღამოს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება.

მისივე თქმით, პარტიის წევრებს თუ სურვილი ექნებათ, ინდივიდუალურად მიიღებენ მონაწილეობას.

„გირჩის“ წევრებს ინდივიდუალურად თუ სურვილი ექნებათ, ალბათ მიიღებენ მონაწილეობას. მე საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვარ, სხვა რაღაცით ვარ დაკავებული, მათ შორის საღამოს რაღაც გადაღებები მაქვს. ახლა მთავარი ამბავი არის 30-ის არჩევნები. 30-ში ძალიან მნიშვნელოვანია, გამარჯვება დავდოთ მათ შორის თბილისში. მგონია, რომ ეს გარდატეხს ზოგადად პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში, შემდეგ უნდა გავიდეს ქვეყანა ხელახალ არჩევნებზე.

არის პარტიული აქციები, რომლებშიც შეიძლება, მე მონაწილეობა არ მივიღო. მეც გამიკეთებია უამრავი აქცია, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიუღია მონაწილეობა. შეიძლება, რაღაცას ვეთანხმებოდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაც აქციაში არ ვიღებდე მონაწილეობას, ამაში გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღეს საღამოს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, აქცია გაიმართება.