ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ფიტნესკლუბი საცხოვრებლად დაიქირავა და პოლიცია მის სახლში უკანონოდ შეიჭრა
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ფიტნესკლუბი საცხოვრებლად დაიქირავა და პოლიცია მის სახლში უკანონოდ შეიჭრა

ბათუმში, ფიტნესკლუბრეფორმერში“, სადაც დაწესებულ შეზღუდვებზე დაუმორჩილებლობის გამო პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, ზურაბ ჯაფარიძე მივიდა. „გირჩის“ ლიდერი აცხადებს, რომ ეს ფიტნესკლუბი მან საცხოვრებლად დაიქირავა და პოლიცია უკანონოდ შეიჭრა მის სახლში. სამართალდამცველებმა მას კლუბის ტერიტორია დაატოვებინეს.

„შიგნით არის ჩემი ბინა, რომელიც 8-9 საათის წინ ვიქირავე. ამის მტკიცებულება მაქვს, შესაბამისად ამ ბინაში არანაირი კომერციული საქმიანობა არ წარმოებდა. პოლიცია არის უკანონოდ შესული. მე შევედი ჩემს ბინაში, საიდანაც ძალით გამომაგდეს. შიგნით არის 20-მდე პოლიციელი. რომ ნახოთ, რას შვრებიან, გაგეცინებათ. დადიან დიდი რულონით და ტრენაჟორებს ერთმანეთზე აბამენ“,-ამბობს ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის“ ლიდერი აცხადებს, რომ ფიტნესკლუბრეფორმერს“ უნდა მიბაძონ სხვებმაც, რადგან დაწესებული შეზღუდვები არაფრის მომტანია და ის ამ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება.

„ასე უნდა იქცეოდეს ყველა. ცხვრებივით ცხოვრება არ მოსულა, არ შეიძლება, თუ ცხვრებივით იცხოვრებთ, ნახეთ უკან რამდენია გატრიალდით(მიუთითა პოლიციელებზე). არ შეიძლება, მთავრობა ადამიანებს ექცეოდეს, როგორც ცხვრებს. ვიდრე ასე ვიქნებით, ყოველთვის თავზე დაგვაჯდებიან. არავის არ აინტერესებს ჩემი ჯანმრთელობა ჩემზე უფრო მეტად, არავის არ უყვარს ჩემი თავი, არც გახარიას, არც ტიკარაძეს ჩემზე უფრო მეტად და მივხედავ, როგორმე ჩემს თავს. ბევრგან მსოფლიოში აპროტესტებენ ამ შეზღუდვებს, მათ შორის არის მასიური პროტესტი“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ის აუცილებლად შევა ნაქირავებ საცხოვრებელში და გაასაჩივრებს სამართალდამცველთა ქმედებებს.

სამართალდამცველები ფიტნესკლუბში მას შემდეგ შევიდნენ, რაც კლუბის მფლობელმა, გიორგი ფუტკარაძემ დაწესებულ შეზღუდვებზე უარი თქვა და კლუბი 29 ნოემბერსაც გააღო. მანამდე ფუტკარაძე 10 ათასი ლარით დააჯარიმეს და გააფრთხილეს, რომ განმეორების შემთხვევაში, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.