ზურაბ გოჯიაშვილი - ქონებისა და ინვესტიციების ხელშეუხებლობა მცირე ბიზნესის წარმოების აუცილებელი კომპონენტია
ზურაბ გოჯიაშვილი - ქონებისა და ინვესტიციების ხელშეუხებლობა მცირე ბიზნესის წარმოების აუცილებელი კომპონენტია

სახელმწიფოს მხრიდან ქონებისა და ინვესტიციების ხელშეუხებლობის გარანტიები არის მცირე ბიზნესის წარმოების აუცილებელი კომპონენტი, – ამის შესახებ კომპანია „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელმა, ზურაბ გოჯიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში სოფლის მეურნოებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვის მნიშვნელობა განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერის გარეშე, ისეთი მაღალი რისკის სფეროში, როგორიც სოფლის მეურნეობაა, სოლიდური ინვესტიციების განხორციელება შეუძლებელია.

გოჯიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან შიდა ქართლში მიწები დიდი ხნის წინ შეიძინა, ვაშლის ბაღების გაშენება მხოლოდ 2014 წელს გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები დაიწყო.

„ბაღების გაშენება 2014 წელს გადავწყვიტე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2014 წლის დასაწყისში სოფლის მეურნეობის მრავალწლიანი კულტურების ფინანსური და ორგანიზაციული ტიპის დახმარება დაიწყო. გადავწყვიტეთ სუპერინტენსიური ბაღების გაშენება და 6 ჰექტარით დავიწყეთ. რომ არ ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან ეს დახმარება, არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებდი. პირველი და უმთავრესი სოფლის მეურნეობაში, მით უმეტეს ისეთი მაღალი კაპიტალდაბანდების მქონე სფეროსთვის, როგორიც მრავალწლიანი მებაღეობა და მემცენარეობაა, თანაც ისეთ სარისკო ზონაში, როგორიც საქართველოს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებია, ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი ინვესტიციის განხორციელება მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. ეს მხარდაჭერა კი, არსებული სამი პროგრამით გამოიხატა, როგორიც იყო ჯერ სუბსიდირებული აგროსესხი, ე.წ. იაფი აგროსესხი, „დანერგე მომავალი“ და წელს პირველად ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა დაიწყო. ეს ყველაფერი ძალიან წაგვადგა“, – განმარტა გოჯიაშვილმა.

„ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი ბიზნესის დაწყებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ქონებისა და კაპიტალდაბანდებების ხელშეუხებლობას ასახელებს, რაც, მისი აზრით, დღევანდელ რეალობაში სავსებით შესაძლებელია.

უმნიშველოვანესი ფაქტორი კი, ჩვენი ქონებრივი და ინვესტირებული სახსრების ხელშეუხებლობის გარანტიებია, რაც დღევანდელი სახელისუფლებო რეალიების პირობებში ჩვენთვის ცხადი და ნათელი. ეს შეგრძნება აუცილებელი კომპონენტია ისეთი ტიპის მემკვიდრეობით გადასაცემი საოჯახო ბიზნესისთვის, როგორც მცირე ბიზნესის ნებისმიერი სახეობაა. მცირე და საშუალო ბიზნესის გარეშე ვერც ერთი ეკონომიკა ვერ იარსებებს“, – განცხადა ზურაბ გოჯიაშვილმა.

დატოვე კომენტარი