ზურაბ ფაღავა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე კონსილიუმის მუშაობით დაინტერესდნენ, კითხვები იყო სააკაშვილის მოპყრობასთან დაკავშირებით
ზურაბ ფაღავა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე კონსილიუმის მუშაობით დაინტერესდნენ, კითხვები იყო სააკაშვილის მოპყრობასთან დაკავშირებით

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის ყოფილი წევრის, ექიმ ზურაბ ფაღავას განაცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე კონსილიუმის მუშაობით დაინტერესდნენ.

მისივე თქმით, ასევე კითხვები შეეხებოდა, როგორ ეპყრობოდნენ სააკაშვილს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

„აინტერესებდათ კონსილიუმის მუშაობა, შემეკითხეს, როგორ დაიწყო. მკითხეს, როგორი იყო კონსილიუმის გასინჯვის შედეგები. კითხვები იყო მოპყრობასთან დაკავშირებით, როგორ ეპყრობოდნენ მას მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. იქ ეპყრობოდნენ ძალიან კარგად, ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში ეპყრობოდნენ კარგად, კორექტულად. მისი მდგომარეობა შეაფასა საექსპერტო ჯგუფმა, შეაფასა როგორც კრიტიკული. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგნოზი გაურკვეველია, ნიშნავს, რომ მისი სასიცოცხლო პარამეტრები არასტაბილურია, ძნელად ემორჩილება მართვას და ფატალური შედეგის მაღალი ალბათობა არსებობს. ეს არის იმ საექსპერტო ჯგუფის შეფასება. ახლანდელი მდგომარეობა არ ვიცი. მე არ მინახავს პაციენტი 23 ოქტომბრის შემდეგ. ჩვენ სწორედ ამას ვწერდით, რომ ვინაიდან ის შიმშილობს და შიმშილი მულტიორგანული რისკების შემცველია, მულტიორგანული დარღვევები ადვილად შესაძლებელია, რომ მომხდარიყო“, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვები მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება.