ზურაბ ჩხაიძე - ვხედავთ ფაქტს, მიხეილ სააკაშვილი როგორც კი რამე გაუმჯობესებისკენ მიდის, მაშინვე უარი ცხადდება მედიკამენტური მკურნალობისა თუ სხვა პროცედურების გაგრძელებაზე
ზურაბ ჩხაიძე - ვხედავთ ფაქტს, მიხეილ სააკაშვილი როგორც კი რამე გაუმჯობესებისკენ მიდის, მაშინვე უარი ცხადდება მედიკამენტური მკურნალობისა თუ სხვა პროცედურების გაგრძელებაზე

ჩვენ ვხედავთ ფაქტს, როგორც კი რამე გაუმჯობესებისკენ მიდის, ეს იქნება მედიკამენტური მკურნალობა თუ სხვა პროცედურა, მაშინვე უარი ცხადდება გაგრძელებაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია, მათ შორის არტერიული წნევისა და რესპირატორული მაჩვენებლები.

ჩხაიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ასევე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევებიც, სადაც ანალიზებში განსაკუთრებული ცვლილებები არ აღენიშნება.

„ოჯახის წევრების განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, გუშინაც იყო რაღაც არასწორი ინფორმაცია მიწოდებული. უკვე ძალიან დამღლელი თემა გახდა  ყოველდღიურად ამის გაშუქება, კვება, მიღება, არმიღება, ვერმიღება. რა თქმა უნდა, იღებს საკვებს  მცირე რაოდენობით და მისთვის სასურველ საკვებს. ჩვენს შეთავაზებულ დიეტაზე ისევ უარს აცხადებენ და არ მიაქვთ ის შეთავაზებული, რაც უნდა მიიღოს პაციენტმა, მაგრამ  ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს, არის ის, რომ სამკურნალო დანიშნულებაზე და სამკურნალო პროცედურებზე ამბობს უარს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისი თქმით, კლინიკას მოწვეული ჰყავდა სპეციალისტი, რომელიც სააკაშვილს უტარებდა ფიზიოთერაპიულ პროცედურებს, როგორებიცაა ელექტროსტიმულაცია, ელექტოფორეზი, მასაჟი და ა.შ.

„იყო საკმაოდ კარგი შედეგი, მაგრამ რამდენიმე სეანსის შემდეგ პაციენტმა უარი განაცხადა გაგრძელებაზე. რომ გითხრათ, ჩვენ რამეს გვიხსნის-მეთქი, არა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ფაქტს, როგორც კი რამე გაუმჯობესებისკენ მიდის, ეს იქნება მედიკამენტური მკურნალობა თუ სხვა პროცედურა, მაშინვე უარი ცხადდება გაგრძელებაზე“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.