ზურაბ ჩხაიძე - ვისურვებდი, მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის მხრიდან ჩვენს კლინიკასთან, სამ-ოთხ თვეში ერთხელ პაციენტის ნახვით კონკრეტული დიაგნოზების გამოტანა არ არის სერიოზული
ზურაბ ჩხაიძე - ვისურვებდი, მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის მხრიდან ჩვენს კლინიკასთან, სამ-ოთხ თვეში ერთხელ პაციენტის ნახვით კონკრეტული დიაგნოზების გამოტანა არ არის სერიოზული

ასე ერთხელ მოსვლით, სამ და ოთხ თვეში ერთჯერ პაციენტის ნახვით კონკრეტული დიაგნოზების გამოტანა, შემდეგ რაღაც პროგნოზების გაკეთება და ა.შ., ვთვლი, რომ არ არის მთლად სერიოზული, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედისკლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მინდა, გულისტკივილი გამოვხატო და ვისურვებდი, მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმის მხრიდან ჩვენს კლინიკასთან, ჩვენს ექიმებთან, ჩვენთან რომ ყოფილიყო მსჯელობა თუნდაც მათი ნახვის შემდეგ. თუ არ ვცდები, ეს მათი მესამე ვიზიტია უკვე და არცერთხელ არ შემდგარა განხილვა პაციენტის შესახებ. ასე ერთხელ მოსვლით, სამ თვეში ერთჯერ თუ ოთხ თვეში ერთჯერ პაციენტის ნახვით, მაშინ, როდესაც არ ყოფილა ნანახი მიმდინარე სამედიცინო ისტორია, არ ყოფილა განხილული თუნდაც ლაბორატორიული კვლევის ბოლო შედეგები, ინსტრუმენტული კვლევის შედეგები, რაღაც კონკრეტული დიაგნოზების გამოტანა, შემდეგ რაღაც პროგნოზების გაკეთება და ა.შ., ვთვლი, რომ არ არის მთლად სერიოზული. ვისურვებდი, ეს ყველაფერი ყოფილიყო უფრო პროფესიონალურ დონეზე, ისე, როგორც შეეფერება სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლების, კოლეგების შეხვედრას და ავადმყოფობის ისტორიის განხილვას “, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, კლინიკას პაციენტისთვის შეთავაზებული აქვს მკურნალობა, რაც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო გაიდლაინებთან, იქნება ეს დასავლეთ ევროპის საუნივერსიტეტო კლინიკების თუ აშშ-ის სამედიცინო სკოლების გაიდლაინები.

ზურაბ ჩხაიძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებასათან დაკავშირებით, რომ კლინიკა „ვივამედი“ პაციენტის ფსიქოლოგიურ ინტერვენციას ვერ უზრუნველყოფს, აღნიშნა, რომ პაციენტს კლინიკამ შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაცია არაერთხელ შესთავაზა.

მოწვეულიც გვყავდა სპეციალისტი და გვაქვს სპეციალისტების არაერთი კონსულტაცია, რომელზეც ისაუბრა ბატონმა თენგიზმა, სადაც დეტალურად არის აღწერილი და ჩამოყალიბებულია დიაგნოზი, მაგრამ აქ დიაგნოზებში თანხვედრა კონსილიუმის წევრებთან მთლად არ ხდება. სხვათა შორის, მათივე კონსილიუმის წარმომადგენელი საუბრობდა, რომ ეს არის გარემოსთან შეუგუებლობით გამოწვეული. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტებთან ასეთი განცხადება კეთდებოდა. ჩვენ გვაქვს დიაგნოზები 2022 წლის 18 მაისის, 11 ოქტომბრის, რომელიც სპეციალისტის მიერ არის გამოტანილი, რომ ეს არის იძულებით თავისუფლების აღკვეთის მდგომარეობა. ჩვენ ამაზე ყოველთვის გვქონდა ყურადღება გამახვილებული და, შესაბამისად, გარდა ამ სპეციალისტისა, რამდენჯერმე მოწვეული გვყავდა ფსიქოლოგიც, თუმცა ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე სეანსის ჩატარების შემდეგ პაციენტი უარს აცხადებდა ამ სეანსების გაგრძელებაზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რას უპასუხებს თენგიზ წულაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკა „ვივამედი“ პაციენტს მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობს და არ მკურნალობს ანორექსიის გამომწვევ მთავარ მიზეზს, ფსიქიატრიულ პრობლემას, რაც იწვევს პაციენტის მხრიდან საკვების ვერმიღებას, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ამ დიაგნოზთან დაკავშირებით ფსიქიატრს აქვს თავისი ხედვა, თენგიზ წულაძისგან განსხვავებით, რომელიც ფსიქიატრი არ არის.

„ეს არის წმინდა ფსიქიატრიული დაავადება და ფსიქიატრს ეს დიაგნოზი არ აქვს გამოტანილი. მას სხვა დიაგნოზი აქვს გამოტანილი და, შესაბამისად, მკურნალობაც აქვს შემოთავაზებული. აქ ჩართულია ფსიქონევროლოგიც და ფსიქოლოგიც, მაგრამ მათ არ ეძლევათ საშუალება, რომ სრულყოფილად შეასრულონ თავიანთი საქმე“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ქართულ პირობებში თუ გერმანულ ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევები არ მიანიშნებს ორგანიზმის ინტოქსიკაციაზე და ეს არის რეალობა.

ზურაბ ჩხაიძემ ასევე განაცხადა, რომ ექიმის მთავარი მიზანი არის პაციენტის გამოჯანმრთელება და მასზე ზრუნვა, რასაც კლინიკა „ვივამედი“ სრულად ახორციელებს, რადგან კლინიკას ყველაზე მეტად სურს პაციენტის გამოჯანმრთელება და გუნდი ამისთვის ყველაზე მეტს აკეთებს.

„არ მინდოდა კიდევ ამ კონსილიუმზე საუბარი დღეს, მაგრამ რაც მოვისმინე, ვიტყვი – სამ და ოთხ თვეში ერთხელ მოხვიდე, დახედო პაციენტს, ყოველგვარი ანალიზების განხილვის, კოლეგებთან შეხვედრის გარეშე გამოხვიდე და გააკეთო რაღაც დასკვნები, რა არის? ეს იგივეა, მაგალითად მე, როგორც ქირურგი და როგორც ექიმების ერთი ჯგუფის წარმომადგენელი, მივიდე ბატონი თენგიზის თუ ბატონი გრიგოლიას კლინიკაში, ვნახო მისი პაციენტი, შევხედო, გავიგო, რომ მას, მაგალითად, აპენდიქსი, იგივე ჭიაყელა ნაწლავს რასაც ეძახიან, ადგილზე აქვს, გამოვიდე და ვთქვა, ამას უნდა მიაქციონ ყურადღება ექიმებმა, რომ აქ შეიძლება, აპენდიციტი განვითარდეს, შეიძლება პერფორაცია, შეიძლება პერიტონიტი და ა.შ. დაახლოებით ამ სტილში მიდის მსჯელობა და ასე ხომ არ არის? არანაირი გამართლება არ აქვს ამას“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ კლინიკის პერსონალი ძალიან მძიმე პირობებში მუშაობს, რადგან პაციენტის უფლებადამცველების და გარემოცვის მხრიდან კეთდება სრულიად უსაფუძვლო, შეურაცხმყოფელი საჯარო განცხადებები კლინიკისა და კლინიკის მედპერსონალის მისამართით, რაც დღემდე გრძელდება და ეს მიუღებელია.

„კეთდებოდა ასევე განცხადებები, რომ კლინიკა დროულად არ აწვდის სამედიცინო დოკუმენტაციას, ამით გვიანდება სარჩელის შეტანა სტრასბურგში თუ სადღაც და ამაში დამნაშავეა კლინიკა, რომ არ აწვდის სამედიცინო დოკუმენტაციას, როცა ეს სამედიცინო დოკუმენტაცია იდო თავის ადგილას, მაგრამ არავის არ გახსენებია და არ მოუკითხავს. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე სტრასბურგისთვის ეს სამედიცინო დოკუმენტაცია სულაც არ ყოფილა საჭირო. აი, ასეთი აბსურდული ბრალდებებია ყოველთვის და არ მინდა, ამ ბრალდებებში და რაღაცებში შევიდე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კლინიკა „ვივამედისკლინიკურმა დირექტორმა სურვილი გამოთქვა, რომ პაციენტსა და მკურნალ ექიმებს, კლინიკის გუნდს შორის იყოს მეტი ურთიერთგაგება და პაციენტმა მიიღოს ექიმთა რეკომენდაციები, რადგან კლინიკის სურვილი არის ერთადერთი, რომ გაუმჯობესდეს პაციენტის მდგომარეობა.