ზურაბ ჩხაიძე - სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება, შევთავაზეთ ინკლუზიური თერაპია, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა, თუ ასე გაგრძელდება, მისი მდგომარეობა დამძიმდება
ზურაბ ჩხაიძე - სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება, შევთავაზეთ ინკლუზიური თერაპია, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა, თუ ასე გაგრძელდება, მისი მდგომარეობა დამძიმდება

ჩვენ ვისაუბრეთ წინა დღეებში, რომ კოვიდინფექცია გამოხატული იყო შედარებით მსუბუქი ფორმით, ლაბორატორიული მონაცემებითაც, სუბიექტური მონაცემებითაც, რადგან სტაბილური რჩება დღევანდელ დღემდე ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები ანუ სატურაცია ნორმის ფარგლებშია და ამ ეტაპზე არ საჭიროებს დამატებითი ჟანგბადის მიწოდებასაც კი, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს სასამართლო პროცესებისა და კოვიდშეფასების მიმართ.

როგორც ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება, უარს აცხადებს ინკლუზიური თერაპიის ჩატარებაზე და თუ ასე გაგრძელდება, მისი მდგომარეობა დამძიმდება.

„სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების, თუნდაც ამ კოვიდშეფასების მიმართებით, რაც რეალობაა და რა რეალობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით, არა იმ რაოდენობით, რაც არის რეკომენდირებული. მან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის საკვების მიღება, საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა. ვინაიდან ჩვენ და კლინიკა ყველაფერს ვაკეთებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასიცოცხლო მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად, შეთავაზებული იყო ინკლუზიური თერაპია, რომელიც აუცილებელია მისი ორგანიზმისთვის, ორგანოების ფუნქციონირებისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ეს ასე თუ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა დამძიმდება. მე მინდა, მოვუწოდო ქალბატონ გიულის, იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, რეკომენდაციას, შესრულებული იყოს ექიმების რეკომენდაცია, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან შეიძლება მიიყვანოს ფატალურ შედეგამდე“,- განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, როგორც ექიმი აღნიშნავს, ერთადერთ პრობლემად რჩება, რომ პაციენტი არ ასრულებს ექიმის რეკომენდაციებს.

„კლინიკა იყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა. ის საკვებს როდესაც იღებს, ირგებს, ანუ ყლაპვის ფუნქციის გაძნელება, დაბრკოლება არ არსებობს. თვითონ აცხადებს, რომ უკმაყოფილოა მიმდინარე პროცესებით და გამოხატავს თავის პროტესტს ამ ფორმით, რომ დამძიმდეს კიდევ მისი მდგომარეობა. შემდეგ მართლა შეიძლება, გახდეს რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანი, არადა ახლა, სადაც იმყოფება პაციენტი, აღჭურვილია ყველა აპარატურით, ეს არის ინტენსიური პალატა ფაქტობრივად.  ერთადერთ პრობლემად რჩება, რომ შეასრულოს ექიმის რეკომენდაცია, მოგვცეს საშუალება, შევასრულოთ ჩვენი სამედიცინო დანიშნულება, მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რომ სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა. კალორაჟი გათვლილი აქვს, რაც უნდა მიიღოს, შეთავაზებულია ინფუზიური თერაპია, რომელიც აუცილებელია მისი ენერგორესურსების შესავსებად, მაგრამ ადამიანი ამ ყველაფერზე მიზანმიმართულად უარს აცხადებს. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები რესპირატორული სტაბილურია დღეს, ხვალ ეს შეიძლება შეიცვალოს. ეს არ უნდა იყოს აღქმული, რომ კლინიკამ რაღაც არაობიექტურად თქვა. კლინიკა ყველაფერს ლაპარაკობს ობიექტურად, რაც არის რეალური სურათი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.