ზურაბ ჩხაიძე - სააკაშვილის პარამეტრები სტაბილურია, მის მომხრეებს ეს უნდა უხაროდეთ, მაგრამ, მგონი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ხმაური
ზურაბ ჩხაიძე - სააკაშვილის პარამეტრები სტაბილურია, მის მომხრეებს ეს უნდა უხაროდეთ, მაგრამ, მგონი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ხმაური

„ვივამედის“ კლინიკური ექიმის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გუშინ ჩაუტარდა ანალიზები, რომლის მიხედვითაც, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესებულია.

„გუშინ ავიღეთ „პისიარ“ ტესტი და პასუხი უარყოფითი მოვიდა. ანუ კოვიდინფექციასთან დაკავშირებით „პისიარ“ ტესტი არის უარყოფითი. გუშინ გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზი. უნდა ითქვას, რომ, ლაბორატორიული მონაცემების კუთხით, მონაცემები გაუმჯობესებულია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ სააკაშვილმა გონება დაკარგა, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ესაუბრა საბადრაგო სამსახურს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს და მათ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდი არ უნახავთ.

„ვესაუბრე ჩვენს საბადრაგო სამსახურს, ექთანს, პერსონალს, რომელიც იმყოფება იქვე, მათ მიერ გონების კარგვა უშუალოდ ნანახი არ ყოფილა. პაციენტის გადმოცემით, წამიერად დაეკარგა წონასწორობა და დაეცა, როგორც ამას თვითონ ამბობს. არანაირი დაზიანებები არ აღენიშნება. როგორც თვითონ ამბობს, არც ტკივილს უჩივის. ამბობს, რომ არც თავი დაურტყამს, უბრალოდ, ზურგით შეეჯახა კედელს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი კვებაზე თავს იკავებს და საჭირო კალორაჟს არ იღებს.

„პარენტერალურ კვებაზე მოვისმინე კომენტარები, თუნდაც ის, რატომ მოხდა მოწოდება ქალბატონი გიულის მისამართით. ჩვენ მიერ მოწოდება გაკეთდა, რადგან გიული ალასანია ყოველდღე არის პაციენტთან, დღეში ორჯერ მაინც შედის და მას შეეძლო, უფრო აეხსნა. რა თქმა უნდა, პარენტერალური კვების შეთავაზებამდე ჩვენ, ყველას – ადმინისტრაციას, მკურნალ ექიმს, ფსიქოლოგს, გასტროენტეროლოგს, თერაპევტს – მასთან გვქონდა საუბარი. ლევან მეტრეველმა განაცხადა, რომ უნდა იყოს ფსიქოლოგების ჯგუფი, უნდა იყვნენ ჩართული სპეციალისტები და ასე შემდეგ, ეს სიახლეა ჩვენთვის? ეს ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პაციენტი მაინც თავს იკავებს. სხვათა შორის, პაციენტი ყოველთვის აკონტროლებს კალორაჟს. მისი კალორაჟი სადღაც 400-500 კალორიის ფარგლებშია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი განზრახ არ იღებს საკვებს, ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ის დასკვნას არ აკეთებს, არამედ ამბობს რეალობას.

„მე არ ვაკეთებ არანაირ დასკვნას. ჩემგან ნუ ელოდებით დასკვნას, მე არ ვარ ექსპერტი. მე ვამბობ მხოლოდ იმას, რაც არის რეალობა. კიდევ ვამბობ, პარენტერალური კვება არის ნაწლავის გვერდის ავლით საკვების მიღება, იგივე ინფუზიური თერაპია. კლინიკას მოშიმშილე პაციენტის მართვის გამოცდილება აქვს. პარამეტრები სტაბილური ნარჩუნდება. ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია, კოვიდინფექციაზე პასუხი უარყოფითია. მის მომხრეებს ეს უნდა უხაროდეთ, მაგრამ, მგონი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის მომხრეებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, აინტერესებთ ხმაური. რა თქმა უნდა, ადამიანი დასუსტებულია, აღენიშნება სისუსტე, ვინაიდან არ იღებს იმ კალორაჟს, რაც არის საჭირო“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.